კატალონიური “სპორტი”: “ბარსელონა” კვარაცხელიასგან მათ გუნდში გადასვლის სურვილის დადასტურებას ელის

ხვიჩა კვარაცხელითი „ბარსელონას“ დაინტერესების საკითხი ფართოდ განიხილება ესპანურ და იტალიურ მედიაში. დღეს კატალონიური „სპორტის“ პირველი გვერდი კვარაცხელიას და რაფაელ ლეაოს სურათითაა დამშვენებული.
„გასულ სეზონში პსჟ-მა „კვარას“ თაობაზე წინადადებით მიმართა, მაგრამ „ნაპოლიმ“ 130 მილიონი ევრო მოითხოვა, შედეგად კლუბებს შორის კონტაქტები შეწყდა და დაიწყო კონტრაქტის გაგრძელებაზე მტანჯველი მოლაპარაკებები. „კვარა“ თვლის, რომ თავის ამჟამინდელ გუნდში განვითარებას ვერ შეძლებს და 23 წლის ასაკში დიდი ნახტომის გაკეთება ძალუძს. მისი პრიორიტეტი მუდამ ლა ლიგაში თამაში იყო, იცის „ბარსელონას“ ინტერესის შესახებ, როდესაც ხავიმ სატრანსფერო სამიზნეთა სიაში შეიყვანა.
„ბარსაში“ ყველაფერს ცოტა შორიდან უყურებენ. დიახ, ფეხბურთელი მოსწონთ, მაგრამ მან 100%-ით არ დაადასტურა თავისი სურვილი. „ბარსელონას“ კარგად ესმის, რომ „ნაპოლისთან“ მოლაპარაკების წარმოება ყოველთვის რთულია, გადამწყვეტ ნაბიჯს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადადგამს, თუ თავად ქართველი კატალონიურ გრანდში გადასვლის სურვილს მკვეთრად გამოხატავს და „ბარსა“ გამოსყიდვას მისაღებ ფასში შეძლებს. აგრეთვე განიხილება სხვა ტრანსფერები, მაგალითად, რაფაელ ლეაოსი და ზოგიერთი თავისუფალი აგენტის, თუმცა ამ საქმეში არ იჩქარებენ, რამეთუ ესმით, რომ საკითხი სტრატეგიულია და ღრმად შესწავლას საჭიროებს“, – წერს Sport.es -ი.
calciomercato აღნიშნავს, რომ „ბარსელონას“ ამ ორი შესანიშნავი, ერთმანეთის მსგავსი უნარების შემტევის შეძენა სურს, პორტუგალიელის გამოსასყიდი ფასი 175 მილიონი ევროა, თუმცა ამხელა თანხის გადამხდელი არავინაა, კვარაცხელიასთან კონტრაქტის გაგრძელებას კი „ნაპოლი“ უშედეგოდ ცდილობს.
Il Mattino ხაზს უსვამს, რომ დრო გადის, რომელიც „ბარსელონასა“ და პსჟ-ის სასარგებლოდ მუშაობს, ვინაიდან ხვიჩასთან ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე შეთანხმება ვერ ხერხდება და ნეაპოლურმა კლუბმა შეიძლება ზაფხულში ქართველი დაკარგოს.