რუმინეთის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ჯორჯესკუმ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა.
როგორც ჯორჯესკუმ აღნიშნა, გადაწყვიტა შეწყვიტოს პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად მონაწილეობა. ის ასევე არ გეგმავს საკუთარი პოლიტიკური ძალის შექმნას და არ ისწრაფვის სახელმწიფო თანამდებობაზე. თუმცა ჯორჯესკუმ სამომავლოდ პოლიტიკაში დაბრუნებაც არ გამორიცხა.
„მე დავბრუნდები, როდესაც გამოჩნდება სერიოზული შესაძლებლობა, რომელიც რეალურ სარგებელს მოუტანს რუმინეთს და რუმინელ ხალხს“, – აღნიშნა ჯორჯესკუმ.
ცნობისთვის, რუმინეთში 2024 წლის ნოემბრის ბოლოს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე კანდიდატი კალინ ჯორჯესკუ ხმების 22%-ით პირველ ადგილზე გავიდა. თუმცა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები მეორე ტურამდე ორი დღით ადრე, 6 დეკემბერს გააუქმა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ შედეგის ბათილად ცნობის გადაწყვეტილება მიიღეს სადაზვერვო დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც არჩევნების პირველ ტურზე რუსეთის გავლენას ადასტურებდა.
