საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი წუხს ირაკლის კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ არ განაგრძოს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება და უარი თქვას ევროკავშირის ფინანსურ მხარდაჭერაზე 2028 წლამდე. ამის შესახებ კაია კალასისა და მარტა კოსის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
“აღვნიშნავთ, რომ ეს განცხადება აღნიშნავს გადახვევას საქართველოს ყველა წინა ხელისუფლების პოლიტიკიდან და ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ევროპული მისწრაფებებიდან, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციაშია გათვალისწინებული.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა და დემოკრატიულმა უკანსვლამ გამოიწვია გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება უკვე მიმდინარე წლის ივნისში და რომ ევროკავშირის ფინანსური დახმარება, რომელიც უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, ამჟამად შეჩერებულია.
ქართველი ხალხი კვლავ ქუჩაში გამოვიდა, რათა დაადასტუროს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებები. ევროკავშირი მკაცრად გმობს ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც მტკიცედ იცავენ თავიანთ ევროპულ და დემოკრატიულ მომავალს. საქართველოს ხელისუფლების ეს ქმედებები პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს ურთიერთობაზე.
საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და თავი შეიკავოს მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალის გამოყენებისგან. ძალადობის ყველა აქტი უნდა იყოს გამოძიებული და დამნაშავეებმა პასუხისგებაში უნდა მიეცნენ.
ევროკავშირი იმეორებს სერიოზულ შეშფოთებას ქვეყნის უწყვეტი დემოკრატიული უკუსვლის გამო, იმ დარღვევების ჩათვლით, რომლებსაც წინასაარჩევნო პერიოდსა და საპარლამენტო არჩევნების დროს ადგილი ჰქონდა. ამ კონტექსტში, ევროკავშირი მოუთმენლად ელის ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშს და მის რეკომენდაციებს.
ევროკავშირი დგას ქართველი ხალხისა და ევროპული მომავლისთვის მისი არჩევანის გვერდით. ევროკავშირის კარი ღია რჩება და საქართველოს დაბრუნება ევროპულ ღირებულებებისკენ და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს ხელმძღვანელობის ხელშია”, – ვკითხულობთ განცხადებაში.