კალათბურთში ევროპის ჩემპიონატი იწყება

კალათბურთში ევროპის ჩემპიონატი იწყება. 27 აგვისტოდან 2025 წლის კონტინენტის პირველობას ოთხი ქვეყანა (ლატვია, პოლონეთი, კვიპროსი და ფინეთი) უმასპინძლებს. ჩემპიონატის მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველ არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.
მონაწილე გუნდები:
ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას 24 ნაკრები მიიღებს, რომლებიც ოთხ ჯგუფში განაწილდებიან. ჯგუფური ეტაპის შემდეგ 16 საუკეთესო გუნდი პლეი ოფში გააგრძელებს ბრძოლას, სადაც ერთმატჩიანი ოლიმპიური სისტემა იმოქმედებს. ჩემპიონატის პლეი ოფის ეტაპი ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩატარდება. ტურნირის ერთადერთი დებიუტანტი C ჯგუფის მასპინძელი კვიპროსია.
ტურნირის ისტორია:
ევრობასკეტი პირველად 1935 წელს ჟენევაში გაიმართა და ჩემპიონი ლატვიის ნაკრები გახდა. მას შემდეგ ტურნირი ფიბა ევროპის ორგანიზებით ტარდება. თავდაპირველად ორ წელიწადში ერთხელ იმართებოდა, 2017 წლიდან კი – ოთხ წელიწადში ერთხელ. ყველაზე მეტჯერ ჩემპიონატში საბჭოთა კავშირის ნაკრებმა გაიმარჯვა – 14 ტიტული. იუგოსლავიამ 8-ჯერ მოიგო, თანამედროვე ეპოქაში კი ლიდერია ესპანეთი, რომელიც ოთხჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი (2009, 2011, 2015, 2022). ესპანეთი ასევე არის ევრობასკეტის მოქმედი გამარჯვებული, 2022 წელს ფინალში ესპანელებმა საფრანგეთს სძლიეს.
საქართველოს ნაკრები:
ევრობასკეტზე ზედიზედ მეექვსედ ითამაშებს საქართველოს ნაკრები. სერბი სპეციალისტის, ალექსანდარ ჯიკიჩის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა თებერვლაში საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრაში დანიის ნაკრებს თბილისში სძლია. ტურნირის წინ გულის არითმიის გამო გუნდს ორი კვირის განმავლობაში ამხანაგურ შეხვედრებში ვერ ეხმარებოდა კაპიტანი თორნიკე შენგელია, მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას პირველ ორ შეხვედრაში, თუმცა როგორც თავად აცხადებს, ყველაფერს გააკეთებს, რათა გუნდს დაეხმაროს.
საქართველოს ნაკრები C ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი, კვიპროსი და ბოსნია-ჰერცეგოვინა იქნებიან.
ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების განრიგი:
28 აგვისტო, 16:00 საათი | საქართველო – ესპანეთი
30 აგვისტო, 16:00 საათი | საქართველო – იტალია
31 აგვისტო, 16:00 საათი | საქართველო – საბერძნეთი
2 სექტემბერი, 19:15 საათი | საქართველო – კვიპროსი
4 სექტემბერი, 16:00 საათი | საქართველო – ბოსნია-ჰერცეგოვინა
საქართველოს პირველ არხსა და პირველი არხი სპორტზე ევრობასკეტის პირდაპირი რეპორტაჟები 27 აგვისტოს დაიწყება. პირველ მატჩს რიგიდან შემოგთავაზებთ, დღის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს ლატვიისა და თურქეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. მატჩი 19:00 საათზეა დაგეგმილი.
პირველი არხი