იულია ნავალნაია ევროპარლამენტში – პუტინი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერია, მან ჩემი ქმარი მოკლა

პუტინი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერია. ამის შესახებ გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ს მეუღლემ, იულია ნავალნაიამ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„პუტინი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერია. პუტინმა ჩემი ქმარი ალექსეი ნავალნი მოკლა. მისი ბრძანებით, ალექსეი სამი წლის განმავლობაში აწამეს. მას პატარა საკანში აშიმშილებდნენ, გარე სამყაროსგან მოწყვეტილი იყო და ვიზიტების უფლება არ ჰქონდა. ამის შემდეგ მის სხეულსა და დედას მიაყენეს შეურაცხყოფა. პუტინს ყველაფერი შეუძლია. მასთან მოლაპარაკება შეუძლებელია“, – განაცხადა იულია ნავალნაიამ.
ნავალნაიამ აღნიშნა, რომ პუტინმა პასუხი უნდა აგოს იმისთვის, რაც ალექსეი ნავალნის და მეზობელ ქვეყანას გაუკეთა.
„ორი წლის წინ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სასტიკი ომი დაიწყო. უკრაინის დასახმარებლად მთელმა მსოფლიომ სწრაფად იმოქმედა. ორი წლის შემდეგ დაღლილობა დაგროვდა, ბევრი სისხლი დაიღვარა. პუტინი წინ არ წასულა, მაგრამ სანქციების მიუხედავად, მიუხედავად ფულისა, რომელიც მის შესაჩერებლად არის მიმართული, ომი გრძელდება. ისმის ხმები, რომლებიც პუტინთან მოლაპარაკებების შესახებ მოწოდებებს აკეთებენ. და შემდეგ, პუტინი ჩემს ქმარს, ალექსეი ნავალნის კლავს“, – აღნიშნა იულია ნავალნაიამ.
დღეს, ევროპარლამენტში ნავალნის გარდაცვალების შესახებ რეზოლუციის პროექტზე დებატები დაიწყო. პროექტის ტექსტში ევროპარლამენტარები რუსი ოპოზიციონერის სიკვდილს მკვლელობას უწოდებენ და ევროკავშირს მოუწოდებენ, რომ ნავალნის მკვლელობაში დამნაშავე პირებს პასუხისმგებლობა დააკისროს.