ისრაელ-ჰამასის ომს 50 ჟურნალისტი ემსხვერპლა – CPJ
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) განცხადებით, ისრაელ-ჰამასის კონფლიქტის გაშუქებისას სულ მცირე 50 ჟურნალისტი დაიღუპა.
კომიტეტის ცნობით, მსხვერპლს შორის 45 პალესტინელი, 4 ისრაელელი და 1 ლიბანელი ჟურნალისტია. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 11 ჟურნალისტი, 3 დაკარგულად მიიჩნევა, 18 კი დაკავებულია.
„ჟურნალისტები მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, რომლებიც კრიზისის დროს მნიშვნელოვან საქმეს ასრულებენ და სამიზნე არ უნდა გახდნენ“, – განაცხადა შერიფ მანსურმა, CPJ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის პროგრამის კოორდინატორმა.
ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.
„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.
მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ – განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.
