19 აპრილს, რომშ მიმდინარე მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე ირანელი და ამერიკელი კოლეგები შეთანხმდნენ გამართონ მოლაპარაკებების მესამე რაუნდიც ირანის ბირთვულ ამბიციებზე, რაც დადებითი სიგნალია თეთრი სახლის განცხადებების ფონზე ირანის მიმართ პოტენციური სამხედრო ქმედებებისა და თეირანისადმი ახალი მოთხოვნების შესახებ.
აშშ-ის დელეგაციის მხრიდან, რომელსაც თეთრი სახლის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი ხელმძღვანელობდა, რომის მოლაპარაკებების შედეგზე ჯერ კომენტარი არ გაკეთებულა.
მაგრამ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ მხარეები შეთანხმდნენ, რომ კვლავ შეხვდებიან 26 აპრილს ომანში, სადაც გაიმართება მოლაპარაკებების პირველი რაუნდი.
„მე მჯერა, რომ ტექნიკური მოლაპარაკებები ექსპერტების დონეზე ომანში ოთხშაბათს (23 აპრილს) დაიწყება, ხოლო შემდეგ შაბათს ჩვენ შევხვდებით ომანში და განვიხილავთ ექსპერტების მუშაობის შედეგებს, რათა დავინახოთ რამდენად ახლოსაა ის შეთანხმების პრინციპებთან“, – განუცხადა აბას არაღჩიმ ირანის სახელმწიფო ტელევიზიას.
“კარგი შეხვედრა იყო და შემიძლია ვთქვა, რომ მოლაპარაკებები წინ მიიწევს. ამჯერად ჩვენ შევძელით უკეთესი გააზრება მთელი რიგი პრინციპებისა და მიზნების შესახებ”, – განაცხადა მან.
შეერთებული შტატები და სხვა დასავლური ქვეყნები დიდი ხანია ადანაშაულებენ ირანს ბირთვული იარაღის შექმნაში. თეირანი კი გამუდმებით უარყოფს ბრალდებებს და ამტკიცებს, რომ მისი ძალისხმევა მიმართულია მხოლოდ სამოქალაქო მიზნებისთვის, როგორიცაა ელექტროენერგიის წარმოება.
აშშ ირანისგან წლებია, მოითხოვს ბირთვული პროგრამის შეწყვეტას.
2025 წლის მარტის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის გაუგზავნა წერილი მოლაპარაკებების დაწყების წინადადებით.
8 მარტს აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ არ აპირებენ მოლაპარაკებას „აგრესიულ მთავრობებთან“ და, რომ პრობლემა მხოლოდ ბირთვული პროგრამა არ არის, რადგან „მათ აქვთ მოლოდინი ირანის თავდაცვისა და სარაკეტო პროგრამებსა და საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებით”.
მარტში პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ვაშინგტონი და თეირანი ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, შეერთებული შტატები ირანს დაბომბავს.
სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ირანმა უარყო შეერთებულ შტატებთან პირდაპირი მოლაპარაკებების შესაძლებლობა, მაგრამ სურს ომანის შუამავლობით გააგრძელოს არაპირდაპირი მოლაპარაკება. თეირანში ისიც განაცხადეს, რომ მოლაპარაკება ვერ გაგრძელდება, თუ აშშ ირანის საწინააღმდეგო სანქციებს არ შეარბილებს.
ირანის ბირთვულ პროგრამაზე თეირანისა და ვაშინგტონის პირდაპირი მოლაპარაკებები 2015 წლის შემდეგ აღარ გამართულა.
წყარო: რადიო თავისუფლება
