ირანმა დაადასტურა, რომ ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად ბირთვულ საკითხებზე მომუშავე სულ მცირე ექვსი მეცნიერი დაიღუპა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაღუპული მეცნიერები არიან: ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ფერეიდუნ აბასი, თეირანში მდებარე „ისლამური აზადის უნივერსიტეტის“ პრეზიდენტი, მოჰამედ მეჰდი და თეირანის „შაჰიდ ბეჰეშტის უნივერსიტეტის“ აკადემიკოსები აბდოლჰამიდ მინუჩერი, აჰმად რეზა ზოლფაღარი და ამირჰოსეინ ფექჰი.
ცნობილია მეექვსე გარდაცვლილი მეცნიერის მხოლოდ გვარი -მოტალებიზადეჰი.
შეგახსენებთ, ისრაელმა ირანში ბირთვულ და სამხედრო ობიექტებს დაარტყა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმების შედეგად დაიღუპნენ ირანის არმიის შტაბის უფროსი, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაური და ირანის საგანგებო სიტუაციების სარდლობის სარდალი. საპასუხოდ, ირანმა ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით 100-მდე დრონი გაუშვა.
