ირაკლი ღარიბაშვილი – ყველა ევროპული სახელმწიფო, მთლიანად ევროკავშირი დაინტერესებულია, რომ ჩინეთთან ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება მოხდეს, ამიტომ ჩვენი ინტერესია, ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე ვიფიქროთ

ჩინეთთან ყველა ევროპული სახელმწიფო, მათ შორის ევროკავშირი დაინტერესებულია, რომ ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება მოხდეს, ამიტომ ჩვენი ინტერესია, რომ ჩვენ ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე ვიფიქროთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დავოსის ფორუმის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა, სადაც განხილული იყო როგორც პოლიტიკური საკითხები, ასევე საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი.
„გუშინ საღამოს მონაწილეობა მივიღეთ ვახშამზე, რომელიც მიეძღვნა ევროპის მომავალს და ევროპის მომავალში, რა თქმა უნდა, იგულისხმება საქართველოც, ვინაიდან, ჩვენ ვართ უკვე კანდიდატი ქვეყანა და მე მათ წარვუდგინე ჩემი ხედვა. საქართველოს დაეთმო განსაკუთრებული ადგილი. ამ დახურული ვახშამის ფორმატში ყველამ ერთხმად აღიარა ის წინსვლა და პროგრესი, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ და ყველასგან კიდევ ერთხელ მივიღეთ მილოცვები. ეს იყო ძირითადი კონტექსტი წლევანდელი დავოსის ფორუმზე.
ჩვენ ასევე მოვისმინეთ შეფასებები მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი ეკონომისტების, ექსპერტების მხრიდან. წელს მოსალოდნელია, რომ მსოფლიოს ეკონომიკა გაიზრდება 3 პროცენტით. რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს ჩინეთის ეკონომიკის სწრაფ ზრდას, რომელსაც ასევე ექნება გადამდები ეფექტი სხვა დანარჩენ რეგიონებზე და მთლიანად მსოფლიო ეკონომიკაზე. ჩინეთთან ჩვენ გვაქვს ძალიან წარმატებული ურთიერთობა, გასულ წელს მე ვიყავი ჩინეთში და ჩვენ სტრატეგიულ დონეზე ავიყვანეთ ჩვენი პარტნიორობა. ჩინეთთან ყველა ევროპული სახელმწიფო, მთლიანად ევროკავშირი დაინტერესებულია, რომ მოხდეს გაღრმავება ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების, ამიტომ, ჩვენი ინტერესია, რომ ჩვენ ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე ვიფიქროთ. კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. დავძლიოთ ის სირთულეები, რომელიც ჯერ კიდევ არის, იქნება ეს სიღარიბე თუ უმუშევრობა კიდევ უფრო მეტად უნდა შევამციროთ. მეტი სწრაფი განვითარება სჭირდება ჩვენს ქვეყანას. რა თქმა უნდა, მშვიდობა და სტაბილურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. შარშან, მოგეხსენებათ, იყო რეკორდული წელიწადი ამ მხრივაც და ამ ტემპს სჭირდება შენარჩუნება.
მე ასევე მქონდა შეხვედრა ს პრეზიდენტთან, რომელსაც ვესაუბრე ვრცლად ამ სიტუაციაზე და მანაც გაგვიზიარა უახლესი ინფორმაცია, რაც შეეხება რეგიონში არსებულ ვითარებას. მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები სხვადასხვა მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებთან და ხელმძღვანელებთან და ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს ექნება გაგრძელება, სჭირდება მიყოლა ამ საკითხებს. ჩვენ შევთანხმდით კონკრეტულ თარიღებზე, როდესაც მოხდება მათი სტუმრობა საქართველოში, რომ მოხდეს ახალი ინვესტიციების განხორციელება ჩვენს ქვეყანაში.
ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნის მონაწილეობა დღევანდელ პანელზეც, სადაც დიდი დრო დავუთმეთ შუა დერეფნის განვითარებას. შუა დერეფნის განვითარებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს, ვინაიდან ჩვენ ვართ კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის, უმოკლესი დამაკავშირებელი გზა ვართ ჩვენ და რა თქმა უნდა, მე კიდევ ერთხელ აღვნიშნე იმ დიდი პროექტების შესახებ, რომელზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ, იქნება ეს ანაკლიის პორტის პროექტი, აეროპორტი, თუ სხვა მიმდინარე მსხვილი პროექტები, ისევე, როგორც შავი ზღვის კაბელის პროექტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია დაკავშირებადობის თვალსაზრისით”, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა მანჯგალაძე – თუ ოპოზიციაში ერთობა არ გამოვიდა, გამიხარდება შეიქმნას 3-4 ცენტრი, რომ ბარიერის მიღმა არავინ დარჩეს, რადგან ეს „ქართული ოცნების“ ინტერესებზე წყლის დასხმაა – საჭიროა ვიწრო პარტიულ და ადამიანურ ეგოებზე უარის თქმა