ირაკლი ფავლენიშვილი – სასაცილოა, მკრძალავს ადამიანი, რომელიც 2012 წლამდე „ნაცების“ მეხოტბე იყო, მე კი ვსწავლობდი სკოლაში, წყალბურთს ვთამაშობდი – ჩვენ უნდა დავრჩეთ აქტიურები, ვიმუშაოთ წერტილოვან სანქციებზე, პროტესტის გაღვივებაზე და დიდი კერების გაჩენაზე

ლოგიკა რაშია, ვერ ვხვდები, 2012 წლამდე ის ადამიანი, რომელიც ამ „სისხლიანი რეჟიმის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო (მათივე ლოგიკით), კრძალავს პარტიას, რომლის მთავარი სპიკერების უმეტესობას 2012 წლამდე პოლიტიკასთან არავითარი შეხება არ აქვს , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.
ფავლენიშვილის თქმით, სწორედ ის ადამიანები კრძალავენ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს „ნაციონალურ მოძრაობაში“ გავლენიანი ფიგურები იყვნენ.
„ძალიან სასაცილოა, მე, პირადად, ირაკლი ფავლენიშვილს მკრძალავს ადამიანი, რომელიც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მაღალჩინოსანი 2012 წლამდე, ან ფულს სწირავდა ან მაღალ თანამდებობაზე იყო, ან „ნაცების“ მეხოტბე იყო, მაგ დროს მე ვსწავლობდი სკოლაში, წყალბურთს ვთამაშობდი, სხვა ცხოვრება მქონდა. ლოგიკა რაშია, ვერ ვხვდები, 2012 წლამდე ის ადამიანი, რომელიც ამ „სისხლიანი რეჟიმის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო (მათივე ლოგიკით), კრძალავს პარტიას, რომლის მთავარი სპიკერების უმეტესობას 2012 წლამდე პოლიტიკასთან არავითარი შეხება არ აქვს.
ეს ხალხი აგვკრძალეს ადამიანებმა, რომლებიც უფრო მეტად იყვნენ გავლენიანი ფიგურები იმ პერიოდში“, – აღნიშნა ფავლენიშვილმა.
კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ აიკრძალება, როგორ გაგრძელდება პოლიტიკური პროცესები, ირაკლი ფავლენიშვილმა უპასუხა, რომ მხოლოდ ხელის შემშლელი ფაქტორები გაჩნდება, რადგან მანამდე პოლიტიკური პარტიებისთვის საარჩევნო პროცესი მოკლეს და საქართველოში აღარ ტარდება.
„ერთადერთი, რაც შეიძლება შეიცვალოს, გახლავთ ის, რომ უფრო მეტი ხელის შემშლელი ფაქტორი შეიძლება გამოჩნდეს, თორემ არსებითად არაფერი არ იცვლება იმიტომ, რომ პარტიების კლასიკური ფორმით არსებობა მიესადაგება საარჩევნო დემოკრატიას. როცა ქვეყანაში საარჩევნო დემოკრატიაა დამყარებული, იქ, რა თქმა უნდა, პარტიები ფუნქციონირებენ ჩვეულებრივი კონსტრუქციული დემოკრატიული წესით – ტარდება, შენ გაქვს პარტიული ინფრასტრუქტურა, იღებ დაფინანსებას და ა.შ. ჩვენთან ეს პროცესი ხომ მოკლეს ისედაც, აღარ არის საარჩევნო პროცესი.
სინამდვილეში, როდესაც ჩვენ ე.წ. არჩევნებზე ვსაუბრობთ და ვამბობთ, რომ საქართველოში არჩევნები არ ტარდება, იმიტომ, რომ მართლა არ იყო არჩევნები ის, რაც ხდებოდა. მაშინ მუნიციპალურ არჩევნებშიც მივიღებდით მონაწილეობას. ამ ხალხმა საარჩევნო პროცესი მოკლა, ისედაც დისიდენტურ ფაზაში გადავედით, ადამიანებს აკავებენ ქუჩაში დგომის გამო, ამიტომ ჩვენ ისედაც ამ კლასიკურ საარჩევნო პროცესში არ ვიყავით.
ერთადერთი, რაც გასაკეთებელია, უფრო მეტი მუშაობაა საჭირო, მათ შორის, საგარეო ფრონტზე მაინც უნდა დავრჩეთ აქტიურები, უფრო მეტ პერსონალურ, წერტილოვან სანქციებზე უნდა ვიმუშაოთ, ქვეყნის შიგნით უნდა ვიმუშაოთ პროტესტის გაღვივებაზე, რუსთაველის კერის შენარჩუნებაზე და უფრო დიდი კერების გაჩენაზე“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.