აი, ახლა რასაც მოვყვები, ის არც “მოუყოლელ ამბებში” მომიყოლია და სულ 2-3ძალიან ახლობელი ადამიანისთვის თუ გამინდია.
ემიგრაციიდან 2-3 წლის დაბრუნებული ვარ. საბერძნეთშივე, ლიზამ რომ გაიგო ჟურნალისტი ვიყავი საქართველოში,წამოსასვლელად რომ ვემზადებოდით, სადაც მაღაზიის ვიტრინაში კლასიკურ სამოსს ნახავდა: დე, ეს იყიდე,თბილისში ხომ ისევ ჟურნალისტი იქნები და ასე უნდა გეცვასო. მოკლედ,უნდოდა, დედამისი ისევ ჟურნალისტი ყოფილიყო, როგორც მის დაბადებამდე
დავბრუნდით. ერთ ბეჭდურ მედიასთან დავიწყე თანამშრომლობა, გაირკვა მერაბიშვილი აფინანსებსო. მანამდე სულ ორი წერილი დავბეჭდე და რომ გავიგე, ვანოს ფული ამიღია ჰონორარად,”არასერიოზული კაცის” ფრაზით დავემშვიდობე რედაქტორს.
მერე იყო და საზმაუზე “გამომძიებელი რეპორტიორის” ჯგუფთან ვიმუშავე. პირველი ფილმი ჩემი მოძიებული რეჟიმის მსხვერპლითა და გამოძიებული საქმით გაკეთდა. მაგრამ დროზე მივხვდი, არც ტელევიზია იყო ჩემი საქმე და ვერც ისეთ გუნდთან ვიმუშავებდი, ჩემს თავისუფლებას რამე სახით რომ შეზღუდავდა. იმათაც დავემშვიდობე იმავე ფრაზით და წამოვედი.
პერიოდულად, ხან გამომცემლობებთან ვთანამშრომლობდი და წიგნებს ვარედაქტირებდი, ხან ტურისტულ კომპანიასთან ვთანამშრომლობდი დისტანციურად, რადგან იმ პერიოდში დედაჩემმა ხელი მოიტეხა და სტაბილური, 9დან 6მდე სამსახური არ მაწყობდა.
აღარ გავაგრძელებ. მიხვდებით, ამხელა შესავალი რატომ დამჭირდა.
ერთ დღესაც “ჩემს” (ანუ სადაც სულ დვდივარ, რაც სკოლა დავამთავრე) საპარიკმახეროში ერთი ძველი ნაცნობი (მეგობარიც, ალბათ,ბევრი საერთო თავგადასავალი გვქონია ახალგაზრდობიდან) და კოლეგა შემხვდა. ვსხედვართ ასე თმაზე საღებავდადებულები და ვლაპარაკობთ, სანამ ჩამობანის დრო მოვა. მოვუყევი ეს ყველაფერი, რაც ზევით წაიკითხეთ.
-მერე ახლა რას შობი, არ მუშაობ არსად?
-სტაბილურად არა, მაგრამ ჩემი შემოსავალი მაქვს.
-შენი ასე გაჩერება რავა შეიძლება? მეიცადე ახლა, შენ ინგლისური რაფერ იცი?
-ჩემი სამყოფი ვიცი, მოგზაურობისას მყოფნის.
-წერა-კითხვა?
-რა იყო, ინგლისურენოვან გაზეთში ხომ არ მთავაზობ რამეს?
-არა, ბოშო, რაის ინგლისურენოვან გაზეთში? სა არის აქანა ინგლისურენოვანი გაზეთი? ისე შენ და (ჩემი ყოფილი ყოლეგა ახსენა) “ქალთა გაზეთმა” გაგიფუჭათ იმიჯი.
-მოიცა, რატომ თვლი, რომ ცირასთან მუშაობამ იმიჯი გამიფუჭა. პირიქით,იქ მიღებული გამოცდილება გამომადგა მერე საკუთარი გაზეთის კეთებისას. მაკეტიდან დაწყებული მონტაჟამდე ყველაფერი რომ ვისწავლე, იმიტომ შევძელი მარტომ ყველაფრის შეთავსება პასუხისმგებელი მდივნიდან დაწყებული მთავარი რედაქტორობის ჩათვლით. – გავწიწმატდი.
-მე ასე ვხედავ და… რაცხა მინდა შემოგთავაზო. წერით კარგად წერ, იუმორიც კარგი გაქვს, ბოვში ვიყავი, სოფლიდან ჩამოსული და ახლაც რო ვიხსენებ შენ ნათქვამებს, გიჟივით ვიცინი, როცხა საჭიროა, ენაც მწარე გაქვს… – ვერ მივხვდი საით უბერავდა.
-მერე?
-ფეისბუქში რაცხა სტატუსები რო დაწერო ხოლმე.
-მაგას ისედაც ვაკეთებ.
-გეტყვი ხოლმე რაცხა თემა რო იქნება და.
-ლოთიანად, გამაგებინე გარკვევით, ფეისბუქში მუშაობა შეიძლება? და ამაში ხელფასს შაქრო იხდის? – მოთმინება დავკარგე.
-არა, ჩვენ. მოდი ჩემთან ჯდს-ში და დევილაპარაკოთ.
-რაზე უნდა დავილაპარაკოთ, აქ მითხარი, რას მთავაზობ?
-აი, ეს ნაცები…
-მერე, მაგ ნაცებს დილა-საღამოს ვაგინებ შენ და ფულის გარეშე, სიამოვნებით.
-არის რაცხა თემები, რასაც ხალხი ვერ გებულობს და აუხსნი ხოლმე. ვინცხას რაცხა აქვს დაშავებული, რაცხას მალავს, მოგცემ მასალას და…
-დედაჩემს ხომ იცი, ხელი აქვს მოტეხილი, არაა ეგ ჩემი საქმე, სახლიდან მუშაობა მირჩევნია და მაკმაყოფილებს ის, რაც მაქვს.
-ზუსტად საშენოა, სადაც გინდა იყავი, ინტერნეტი და ფეისბუქი უნდა გქონდეს და თუ რაცხა ცუდს დაწერენ ჩვენზე უნდა უპასუხო. პარალელურად…
მივხვდი, რასაც მთავაზობდა, ოღონდ მაშინ ჯერ არ ვიცოდი, ამ საქმეს თუ ტროლობა ერქვა, ჩემთვის დღესაც გოთვერნობაა ეგ ამბავი და ეგრეც ვუთხარი.
– აი,აქ გაჩერდი და აღარ გააგრძელო. მე ჩავთვლი, რომ ეს ლაპარაკი ჩვენ შორის არ ყოფილა და ეგ გოთვერნობა არ შემოგითავაზებია.
-მე კარგი მინდოდა…
-მოკვდეს ბაზარი აქ. ბასტა!
ჩემი პარიკმახერი მაკა გაკვირვებული მიყურებდა, რა ხდებაო. მთელ სალონს რომ არ გაეგო ეს ამბავი, ჩვეული ანგლობა და შაყირი დავიწყე, მაგრამ გულს მიღრღნიდა კითხვა: რატომ მაკადრა? როგორ გამიბედა?
ხოდა, ახლა აქაური ტროლების უმწეო, უსუსურ, მხოლოდ ბინძურ გინებას და წყევლას რომ ვკითხულობ ჯანსაღი აზრის საპირისპიროდ, სულ ეს ამბავი მახსენდება. 2014წლის შემოდგომას მოხდა შეხვედრა საპარიკმახეროში. ათი წლის განმავლობაში ამ ტროლებსაც როგორ გამოურეცხეს ტვინი, როგორ გამოაშტერეს და გამოათაყვანეს, რომ “გვაქვს უთვალავი ფერითა” გაიხსენონ კი არა, თეთრს და შავს ვეღარ არჩევენ ერთმანეთისგან.
ასე რომ, ტროლებო,ზუსტად ვიცი, როგორც მოხვდით მანდა
მადლობა ღმერთს, როგორც მატარა და დღემდე მატარებს ამ სამყაროში, თავისუფალს, ცხოვრების ყველა ფერის, ელფერის,გრძნობის, ემოციის შემცნობს და მაძლევს ძალას და სიმტკიცეს, ასეთ საცდურს, სულის გაყიდვის ფასი რომ აქვს ჩემთვის, თავი ავარიდო.
ეს ამბავი დღეს უნდა მომეყოლა, რადგან ისიც ზუსტად ვიცი, რა დღეში არიან ახლა ის ადამიანები არარსებული სახელების და სახეების მიღმა რომ იმალებიან. გამწარებულებს, ჰგონიათ, რომ ჩვენ გვაგინებენ და გვწყევლიან, ამ დროს თავიანთ უბადრუკ ყოფას ერჩიან, რაშიც ჩაიგდეს თავი, ნებსით თუ უნებლიედ,” – წერს ჟურნალისტი ინგა ჩახვაშვილი სოციალურ ქსელში.