ქართული ტრადიციული ნუგბარის და ნატურალური პროდუქციის მწარმოებელი კომპანია „თათარათი“ მომავალ წელს გაფართოებას გეგმავს. ამის შესახებ საწარმოს თანადამფუძნებელმა, თინათინ ურიდიამ bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ამ ეტაპზე „თათარათიში“ ჯამში 4 ადამიანია დასაქმებული და პროდუქციას მცირე რაოდენობით აწარმოებენ. თუმცა თინათინის განმარტებით, იმისათვის, რომ ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილება და სარეალიზაციო არეალის გაფართოება შეძლონ, დღის წესრიგში გაფართოების საკითხი დადგა.
„მომავალი წლისთვის გაფართოებას ვგეგმავთ. გვინდა, რომ დავასაქმოთ ადამიანები, ერთად ვაკეთოთ ქართული საქმე და ამასთანავე წარმოებაც გავზარდოთ. ეს კი მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციო არეალი გავაფართოოთ.
გვინდა, რომ ჩვენი საწარმო გვქონდეს და უფრო ფართო მასშტაბებით შევძლოთ პროდუქტების რეალიზაცია. ექსპორტზე ჯერჯერობით ვერ გვაქვს ამბიცია, თუმცა ქართულ ბაზარზე მაინც გვინდა, რომ უფრო ფართო მასშტაბით ვიყოთ წარმოდგენილი. საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ და იმედია, მომავალი წლის ბოლომდე უკვე ჩვენი საწარმო გვექნება. ლოკაცია არ ვიცით ზუსტად, კვლევის პროცესში ვართ, თუმცა ვფიქრობთ ან თბილისთან ახლოს, ანდაც თბილისში იქნება“, – ამბობს თინათინ ურიდია.
ინფორმაციისთვის, „თათარათი“, ქართული ტრადიციული ნუგბარის და ნატურალური პროდუქციის მწარმოებელი საოჯახო ბიზნესია, რომელიც 2021 წელს დების, თამარ და თინათინ ურიდიების იდეით დაარსდა. მცირე საწარმო მომხმარებელს ბავშვობის გემოებს სთავაზობს, რომელშიც ახალი ელემენტებია შეტანილი. 5 სახის ტყლაპის ჟელიბონი, ჩურჩხელა, გოზინაყი, სხვადასხვა სახეობის ჩაი და ბელგიური შოკოლადი ქართული თხილეულით – კომპანიას ასორტიმენტში ეს და კიდევ სხვა მრავალი პროდუქტი აქვს, რომელსაც ადგილობრივ ბაზარზე ყიდის.