ივანიშვილი „ოცნების“ გამარჯვების მე-12 წლისთავზე ხალხს ენმ-ის გასამართლებას ჰპირდება

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა 1 ოქტომბერს, ხელისუფლებაში მოსვლიდან მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, განცხადება გამოაქვეყნა.
ივანიშვილი 1 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეების ერთიანობის სიმბოლოდ მიიჩნევს და მას 1918 და 1991 წლებში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის თარიღებთან ერთად ახსენებს.
„ეს დღე ჩვენი სიამაყის საერთო საფუძველია! ნიშანი და სიმბოლო საქართველოს მოქალაქეების ერთიანობისა და ამ ერთიანობის ძალისა! ეს დღეც ჩვენია, როგორც 26 მაისი, როგორც 9 აპრილი! ამ ყველაფრისთვის სამშობლო თქვენი მადლიერია, მადლიერი ვარ მეც, როგორც თქვენი თანამებრძოლი, ქართველი კაცი!“ – წერს ივანიშვილი.
მმართველი პარტიის ლიდერი თავისი პარტიის ხელისუფლებაში მოსვლიდან მე-12 წელს კვლავ პოლიტიკური ოპონენტების გასამართლების დაპირებას იძლევა. სწორედ ამით ხსნის ბიძინა ივანიშვილი საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების აუცილებლობას.
„ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისთვის, რომ:
ჯერ არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს, ხოლო შემდეგ კანონის მთელი სიმკაცრით გასამართლდეს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რეჟიმი, რომელმაც საკუთარ მოსახლეობას ტერორი, მკვლელობა, წამება არ აკმარა და ომის ქარ-ცეცხლი დაატეხა თავს;
იმისთვის, რომ საქართველოს – ჩვენი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მართავდეს და არა უცხო ძალების აგენტებით დაკომპლექტებული კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, – წერია განცხადებაში.
მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, „ქართული ოცნების“ კოალიციამ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და მას შემდეგ მესამე ვადით არის ხელისუფლებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – ავტოკრატიულ სისტემას ოპონენტებთან წითელი ხაზები აღარ აქვს, ამიტომ ბარამიძის დაპატიმრება მოსალოდნელი იყო – განსაკუთრებული პოლიტიკური სიბოროტე და იურიდიული აბსურდული ბრალდებაა, თითქოს მან საქართველოს „ღალატი“ ჩაიდინა

დავით ნიკურაძე: ამ სოფლის ორღობის ჭუჭრუტანიდან რომ გაიხედოთ, დაინახავთ, რომ ნორმალურ ქვეყნებში, გაბაპენტინს, წელის ტკივილზეც კი უწერს პაციენტს არათუ ნევროლოგი, ნებისმიერი ოჯახის ექიმი

ჯაბა ზარქუა: დადასტურდა აგენტ-პროვოკატორის ამბავი. თავდაცვის რეჟიმში მყოფი ექიმი კი პაციენტის დახმარების ნაცვლად იმაზე ფიქრობს რომ რამე შარში არ გაეხვეს. ამ მიდგომით პაციენტის დახმარება შეუძლებელია