თუ უვიზო აღარ იქნება, Wizz Air-ი ქუთაისიდან ალბათ გადავა სომხეთში, თუ ის მიიღებს უვიზოს – გიდი

რა ელოდება ტურისტულ ბიზნესს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ერთ-ერთი ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელს, ლაშა ბერეკაშვილს ესაუბრა.
ლაშა ბერეკაშვილის თქმით, თუ საქართველოს ვიზალიბერალიზაციას გაუუქმებენ, ტურისტული ბიზნესი მყისიერად ჩავარდება, ფუნქციას დაკარგავს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიც.
„პრობლემა გაჩნდება ბევრი მიმართულებით, რა თქმა უნდა. ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ ქუთაისის აეროპორტის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2017 წელს, როცა ვიზალიბერალიზაცია არ იყოს სრულად ამოქმედებული, მგზავრთა გამტარობა იყო 400 ათასი ადამიანი. 2024 წელს კი, პიკის პერიოდს რომ ეძახიან, ქუთაისის აეროპორტმა გაატარა 1 700 000 მგზავრი.
ანუ უვიზო რეჟიმის პირობებში სტატისტიკა მინიმუმ 1 300 000 ადამიანით გაიზარდა.
თუ უვიზო რეჟიმი შეგვიჩერდება, ქუთაისის აეროპორტი მყისიერად დაკარგავს ერთ მილიონამდე მგზავრს წელიწადში და ეს მხოლოდ „ვიზეარის“ მომხმარებელია.
ამ სიმძლავრეზეა აწყობილი ავიახაზების რაოდენობა და სიხშირეები, ამ სიმძლავრეზეა აწყობილი სხვა სერვისებიც, იგივე სატრანსპორტო სერვისები – ავტობუსების კომპანიები, მატარებელი, რომელიც აეროპორტში აჩერებს, ქუთაისში ერთღამიანი ჯავშნები, რომელიც ქუთაისს ასაზრდოებს ასე თუ ისე. ეს ყველაფერი მყისიერად შეჩერდება. ფიზიკურად ვეღარ წავა ამ რაოდენობის ადამიანი, რა რაოდენობითაც ახლა, უვიზოს პირობებში მიდის უცხოეთში ტურისტულად.
ტურისტულ სააგენტოებს რაც შეეხება, 90%-ი ყველა გაკოტრდება. მომხმარებლისთვის დღეს არსებული ტურისტული პაკეტები გახდება უძვირესი და ხელმიუწვდომელი, რადგან როგორც ადრე იყო ხოლმე, სანამ უვიზოს შემოიღებდნენ, გაჩნდებიან შუამავლები, საელჩოების რიგში ჩაწერის საფასურები გაჩნდება და რისკი იმის, რომ 2-3 გაყვანაზე ვიღაცები შეიძლება დარჩნენ ევროპაში. უეჭველია რომ დარჩებიან, როგორც იყო ადრე, მაგალითად ცეკვის ანსამბლებს რომ მიყვებოდნენ და რჩებოდნენ უცხოეთში ისე იქნება.
როცა ტურისტების გარკვეული რაოდენობა უკან აღარ დაბრუნდება და დარჩება, შემდეგ ეს ფაქტი ნეგატიურად აისახება ტურისტული კომპანიის სანდოობაზე და საბოლოო ჯამში, მაინც ვერ შეძლებს ოპერირებას“, – ამბობს ლაშა ბერეკაშვილი.
მისი თქმით, უვიზო მიმოსვლის შეჩერების შემთხვევაში გამოირიცხება თავისუფლად ოპერირება ამ ბაზარზე.
„ტურისტების შემომყვანსაც ექნება პრობლემა, რადგან უვიზო რეჟიმი სჭირდება ავიაკომპანიას სიხშირეების გასაზრდელად. როცა ვთქვათ Wizz Air-ი გააკეთებს ერთ რეისს ქუთაისიდან მიუნხენში, იქიდან ხომ უნდა წამოიყვანოს ადგილობრივი ტურისტები ქუთაისში. ამიტომ, თუკი უვიზო აღარ იქნება, არსებული სიხშირეები მყისიერად გაუქმდება და „ვიზეარმა“ შესაძლოა საერთოდ გაიყვანოს თავისი ბაზა ქუთაისიდან, დატოვოს მარტო რამდენიმე მიმართულება. თუ სომხეთი მიიღებს უვიზო მიმოსვლას, ამ ბაზას ალბათ გადაიტანს სომხეთში და დასავლეთ საქართველო ამით კიდევ უფრო გაღარიბდება. ეს ჩვენი დარჩენილი ორი თეთრიც წავა სომხეთის ეკონომიკაში“, – ამბობს ლაშა ბერეკაშვილი.
ვიზალიბერალიზაციის დაკარგვით, დაზარალდებიან ფიზიკური პირები, რომლებიც ახლა დამოუკიდებლად ოპერირებენ ტურისტულ ბაზარზე.
„თვითდასაქმებულიც, ყველა ჩაეხსნება ავტომატურად და მათ შემოსავლებსაც დაარტყამს უვიზოს შეჩერება. მათ შორის, ის ბლოგერებიც, რომლებიც თავისუფალი მიმოსვლის ხარჯზე ქმნიან ტურისტულ კონტენტს და წერენ სხვადასხვა ტურისტულ ბლოგს, დაუბრუნდებიან შაურმის აღწერებს“, – ამბობს ლაშა და ამატებს, რომ უვიზოს გაუქმების შემდეგ, შეიქმნება ერთი მსხვილი ტურისტული კომპანია, რომელიც გაყიდის პაკეტებს – წვრილ მოთამაშეებს და ფიზიკურ პირებს აღარ დაუტოვებს შესაძლებლობას იდგნენ ბაზარზე და აიძულებს მათ, რომ მათი პირობებით, მათი ფასებით იმუშაონ, თუკი საერთოდ შეძლებენ მუშაობას.
„თუ ჩვენ ახლა გვაქვს შესაძლებლობა დამოუკიდებლად შევქმნათ ტურისტული პაკეტები, დამოუკიდებლად დავაორგანიზოთ ტურები, შევკრიბოთ ჩვენი ჯგუფები, გავზარდოთ ლოიალური კლიენტები და ასე შემდეგ, ამ ხელოვნური ბარიერების შედეგად წარმოიქმნება კვაზი ტურისტული ორგანიზაციები, რომლებიც იძულებულს გახდიან პატარა ოპერატორებს, მხოლოდ მათთან ვიყიდოთ ტურისტული პაკეტები, მხოლოდ მათთან შევიძინოთ ტურისტული მომსახურებები და მხოლოდ მათი ვიზების მეშვეობით გავუშვათ ტურისტები სხვადასხვა ქვეყანაში.
აი მაგალითად, „ვიზეარი“ დაფრინავდა ქუთაისი-აბუ დაბის მიმართულებაზე და უამრავი წვრილი სააგენტო და ფიზიკური პირი გაჩნდა, რომლებიც დამოუკიდებლად გეგმავდნენ ტურებს და ამას აკეთებდა ყველა, ვისაც კი ამის სურვილი გააჩნდა.
ახლა ვიზეარმა გააუქმა აბუ-დაბის მიმართულება, თბილისიდან შემოდის მსხვილი და ძვირი ავიაკომპანიები, რომლებთანაც ურთიერთობა ძალიან გაჭირდება.
უვიზოს გაუქმების შემდეგაც შეიქმნება ერთი მსხვილი ტურისტული კომპანია, რომელიც გაყიდის პაკეტებს – წვრილ მოთამაშეებს და ფიზიკურ პირებს აღარ დაუტოვებს შესაძლებლობას იდგნენ ბაზარზე და აიძულებს მათ, რომ მათი პირობებით, მათი ფასებით იმუშაონ, თუკი საერთოდ შეძლებენ მუშაობას“, – ამბობს ლაშა ბერეკაშვილი.
მის თქმით, ტურისტული კომპანიები იმის ნაცვლად, რომ ხმა აიმაღლონ და იბრძოლონ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად, უკვე ცდილობენ ლოჯისტიკა სომხეთზე გადააწყონ.
„ტურისტული კომპანიები აწყობენ უკვე ლოჯისტიკას სომხეთზე, იქ ჩასვლის, ღამის გათევისთვის, უკვე ისე იგეგმება ტურები, რომ თუ მოხდება ქუთაისის ჩახსნა უვიზოს გაუქმების შემდეგ, სომხეთი დაიკავებს ქუთაისის ადგილს და ს სასტუმროები დაიტვირთება იმ ქართველებით, ვინც შეძლებს ვიზის აღებას, რა თქმა უნდა.
უვიზო რეჟიმის შემდეგ სომხებს ფულიც ჩვენზე მეტი ექნებათ, მაგრამ სომეხი კაცები ალბათ უვიზოს შემდეგ „გათხოვდებიან“ და ეს გაგვაბედნიერებს ქართველებს“, – ამბობს ლაშა ბერეკაშვილი.
მისი თქმით, პოლიტიკური მდგომარეობა დღითი დღე უარესდება, ამიტომ არსებობს დიდი ალბათობა, რომ ევროპაში თავისუფალი მიმოსვლის უპირატესობა საქართველოს მოქალაქეებმა დაკარგონ.
ევროკავშირმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აგვისტოს ბოლომდე მისცა იმ პირობების შესრულებისთვის დრო, რომელიც საქართველომ უვიზო მიმოსვლის ფარგლებში უნდა გააუმჯობესოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო დაკარგავს ვიზალიბერალიზაციას.
„ქართული ოცნების“ განცხადებებიდან ჩანს, რომ არალეგიტიმური ხელისუფლება ამ მოთხოვნების შესრულებას არ აპირებს.
ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით, საქართველო დიდი ნაბიჯით უკან დაიხევს ევროინტეგრაციის გზაზე, საქართველოს მოქალაქეები კი დაკარგავენ ძალიან დიდ უპირატესობას მიიღონ ხარისხიანი , განათლება, დასაქმდნენ სეზონურ სამუშაოებზე, იმოგზაურონ და ასე შემდეგ. დაზიანდება ბიზნესიც, რაც საქართველოს მოსახლეობას კიდევ უფრო გააღარიბებს.
batumelebi.netgazeti.ge