თუ აზერბაიჯანი აზარტულ თამაშებს სწორი მიმართულებით განავითარებს, შემოსავალი 5-10%-ით მოგვაკლდება – მამულაიშვილი

აზარტული თამაშების ასოციაციის ხელმძღვანელის გიორგი მამულაიშვილის განცხადებით, აზერბაიჯანში კაზინოების გახსნამ ქართულ სათამაშო ბიზნესს შესაძლოა 5-დან 10%-მდე შემოსავალი დააკარგვინოს. მისი თქმით, შედეგი დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, თუ რა კანონმდებლობას მიიღებს აზერბაიჯანი.
საქმე ისაა, რომ აზერბაიჯანში კაზინოს საქმიანობა ლეგალური გახდა. შესაბამის კანონში ინიციირებული ცვლილებები მილი მეჯლისმა მესამე, დასკვნითი მოსმენით მიიღო. დოკუმენტის მიხედვით, კაზინოების მოწყობა მხოლოდ კასპიის ზღვაში, ხელოვნურ კუნძულებზე იქნება შესაძლებელი. აზერბაიჯანელი პარლამენტარების განცხადებით, სათამაშო ბიზნესი საბიუჯეტო შემოსავლებს გაზრდის, განავითარებს ტურიზმს და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს.
“საქართველო რეგიონში წამყვანია, თუმცა ბოლო სამი წლის ცვლილებებიდან გამომდინარე, საკმაოდ ბევრი პრობლემა შეექმნა განსაკუთრებით მიწის კაზინოებს. პირველი ის, რომ გატანის საკომისიო მიუღებელია ბევრი უცხოელი მოთამაშისთვის და ურჩევნიათ ჩვენს მეზობელ ქვეყანაში ჩავიდნენ და იქ მიიღონ ეს სერვისი. აზერბაიჯანი თუ მიიღებს სწორ კანონმდებლობას და სწორი მიმართულებით წაიყვანს აზარტული თამაშების განვითარებას, ვფიქრობ, მიწის ობიექტებს 5-10%-მდე მოაკლდებათ ის შემოსავალი, რასაც აზერბაიჯანელი მოქალაქეებისგან იღებდა”, – აცხადებს Bm.ge-სთან ინტერვიუში მამულაიშვილი.
მისივე თქმით, აზერბაიჯანის გადაწყვეტილების გავლენა მხოლოდ მიწის კაზინოებზე იქნება, რადგან ონლაინ სათამაშო საიტებისგან განსხვავებით, აზერბაიჯანის მოქალაქეები საქართველოში მიწის კაზინოების აქტიური მომხმარებლები არიან.