2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსმა სამხედროებმა დაკავების მცდელობისას სასიკვდილოდ დაჭრეს 58 წლის თამაზ გინტური, 33 წლის ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. დღეს თამაზ გინტურის მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა, ოჯახი კი კვლავ დამნაშავეების დასჯას ითხოვს.
სოფელი კირბალი გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებს შორის, ერთ-ერთ სახიფათო ზონად ითვლება, რადგან ამ სოფლის მიმდებარე ტყე, სალოცავი, სასაფლაოს ნაწილი ოკუპირებულია და იქ მისულ საქართველოს მოქალაქეებს ხშირად აკავებენ.
გინტურის მკვლელობიდან ერთი წლის შემდეგ, გამოძიებას იდენტიფიცირებული არ ჰყავს საოკუპაციო ძალების ის წარმომადგენლები, რომლებიც იმ დღით პატრულირებდნენ ლომისის ეკლესიის ნიშთან. დაღუპულის ძმა გივი გინტური ამბობს, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში გამოძიებამ ფაქტობრივად ვერაფერი დაადგინა.
„ეს ერთი წელი ძალიან მძიმე იყო ჩვენი ოჯახისთვის. ძალიან რთულად გადავიტანეთ ეს ყველაფერი. საქართველოს ხელისუფლება არანაირ ყურადღებას არ გვაქცევს. ჩემი ძმის საქმეს არ იძიებენ. ჩემი აზრით, არ უნდათ გამოძიება და რუსების მოძულება, რადგან თვითონაც ნახევრად რუსები არიან.
ივანიშვილი ამბობს, რომ ოკუპანტებთან ბოდიში გვაქვს მოსახდელიო. აბა, მე მკითხოს, მაქვს ვინმესთან ჩემი ძმის მკვლელობის გამო ბოდიში მოსახდელი?! პირიქით, ოკუპანტები აქეთ უნდა გვეუბნებოდნენ ბოდიშს მთელ საქართველოს“, – განაცხადა გივი გინტურმა.
შარშან, 6 ნოემბერს, თამაზ გინტური თანასოფლელებთან ერთად ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის ნიშთან მივიდა. ეკლესიაში სანთლის დანთება უნდოდათ, მაგრამ კარი აჭედილი დახვდათ. ეს ტერიტორია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კონტროლდება.
გინტურმა და დოთიაშვილმა ეკლესიის კარი შეაღეს და შიგნით შევიდნენ. სწორედ ამ დროს თქვა თამაზ გინტურმა შემდეგი სიტყვები: „ლომისა, შენ ძალას ვენაცვალე, შენი ჩამჭედის დედას…“
საოკუპაციო ძალების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული ლევან დოთიაშვილი მედიასთან მოჰყვა 6 ნოემბერს სოფელ კირბალის მიმდებარედ, ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის ნიშთან, მომხდარის შესახებ.
დოთიაშვილმა აღწერა ვითარება, როგორ დაიწყო რუსმა სამხედრომ სროლა, რის შედეგადაც სასიკვდილოდ დაიჭრა თამაზ გინტური. მას ზურგში ორი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.
„როგორ კი დავძარით მანქანა, ეგრევე სროლა, სროლა-სროლით მოგვდევდა ეს რუსი ჯარისკაცი… დამიზნებით გვესროდა ჯერ საბურავში, მერე გამიზნული სროლა. გავიარეთ დაახლოებით 15-20 მეტრი და თამაზმა თქვა, დამჭრაო. ავტომატურად მანქანა გაჩერდა.
მე გადმოვხტი, გადმოვიყვანე თამაზი მანქანიდან. თვითონ ეს რუსი ჯარისკაცი მომეხმარა გასწორებაში. ვუთხარი, უფლება მომეცი, სასწრაფოში დავრეკო-მეთქი. თვითონ თამაზის პირადი ტელეფონი ავიღე. დავრეკე სასწრაფოში, ამა და ამ ადგილზე ვართ-მეთქი…“ – თქვა ერთი წლის წინ ლევან დოთიაშვილმა.
მისი გათავისუფლება ცხინვალის ციხიდან 9 ნოემბერს მოხერხდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
ევროპარლამენტმა 2023 წლის 23 ნოემბერს მიიღო რეზოლუცია თამაზ გინტურის მკვლელობაზე. რეზოლუციაში ევროპარლამენტარები კატეგორიულად გმობენ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას, მოითხოვენ საქმის საფუძვლიან გამოძიებას, დამნაშავეების დასჯასა და საოკუპაციო ძალების ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებას.
2023 წლის 13 დეკემბერს ერგნეთში გამართულ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძემ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს მკვლელების დაკავება და საქართველოსთვის გადმოცემა მოსთხოვა, თუმცა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მას განუცხადეს, რომ იქ მყოფი მესაზღვრე უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა.
