“თავისუფალი საზოგადოება აფინანსებს დემოკრატიას” – Freebusiness.ge-ის ახალი ფუნქცია დაემატა

თავისუფალი ბიზნესების პლატფორმა Freebusiness.ge-ის ახალი ფუნქცია დაემატა. კერძოდ, როგორც პლატფორმის დამფუძნებლებმა გადაცემა „ანალიტიკაში” სიახლეების პრეზენტაციისას განაცხადეს, Freebusiness.ge-ის ემატება Freedonation.ge-ის ფუნქცია, რომლის მიზანიც იქნება ერთ სივრცეში მოუყაროს თავი ყველა იმ აქტორს, ვინც აძლიერებს დემოკრატიას და გაუმარტივოს საზოგადოებას მათი ხელშეწყობა.
„ეს გარკვეულწილად დაფინანსების პლატფორმაა, რათა მოხდეს თავისუფალი მედიის და იმ ფონდების დაფინანსება, რომელიც დღეს საზოგადოებას უდგას გვერდში – საზოგადოებას, რომელიც დგას დღეს რუსთაველზე და რომელთაც აჯარიმებენ. ეს შეიძლება იყოს თუნდაც სამედიცინო ხარჯების გაწევა. გარკვეული დებატების შემდეგ, ალბათ, ფრიბიზნესისთვის ყველაზე სწორი განვითარება სწორედ ეს იყო, რომ ასეთი პლატფორმა შეგვეთავაზებინა დღეს საზოგადოებისთვის“, – განაცხადა Freebusiness.ge-ის თანადამფუძნებელმა, ნიკა გილაურმა.
კიდევ ერთმა თანადამფუძნებელმა გიორგი ჩუგოშვილმა კი აღნიშნა, რომ პლატფორმა ბიზნესის ჩართულობას გასცდება და მოიცავს თავისუფალ საზოგადოებას. მისივე თქმით, ყველა ლარი არის მნიშვნელოვანი, რომ მიიმართოს იმ მიზნებისთვის, იმ ხალხისა და ორგანიზაციებისთვის, ვისაც სჭირდება.
„დემოკრატიისთვის ბრძოლა და ამისთვის გარკვეული ფინანსების გაღებაც არის საზოგადოების ვალდებულება. 200 000-მდე ადამიანი თუ იღებს აქტიურად საპროტესტო გამოსვლებში, თითოეულმა თვეში 20 ლარიც რომ გაიღოს, ეს არის 4 მლნ ლარი, რომელსაც ძალიან ბევრი კეთილი საქმის გაკეთება შეუძლია – ბევრისთვის ჯარიმის გადახდა, მკურნალობა თუ სხვა“, – განაცხადა გიორგი ჩუგოშვილმა და დასძინა, რომ Freedonation.ge არ არის ფონდი, ეს არის პლატფორმა, რომელიც დემოკრატიაზე მომუშავე ორგანიზაციებს, ხალხს და საზოგადოებას აკავშირებს ერთმანეთთან.
პლატფორმაზე განთავსდება ის ფონდები, მედიაორგანიზაციები თუ დემოკრატიაზე მომუშავე სხვა ორგანიზაციები, რომელთაც სჭირდებათ ფინანსური მხარდაჭერა. საზოგადოების წევრი თავად გადაწყვეტს, ვის დაეხმაროთ, რამდენით და რამდენი ხნის განმავლობაში, რასაც პლატფორმაზევე უთითებს.
„ეს დემოკრატიისთვის გადასახადივით არის ჩემთვის, როგორც ყოველთვიურად ბიუჯეტში გადასახადებს ვიხდით, ისე ფონდებში რაღაც თანხაც უნდა ჩავრიცხო“, – აღნიშნა გიორგი ჩუგოშვილმა.
ნიკა გილაურმა კი ყურადღება ბიზნესის ჩართულობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა. მისი თქმით, ბიზნესს შესაძლოა ეშინოდეს, რომ ასეთ აქტივობაში ჩაერთოს, მაგრამ ეს მნიშვნელოვანია.
„ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესიც ჩაერთოს და ბიზნესმა თავისი თანამშრომლებიც ჩართოს ამ აქტივობაში“, – დასძინა ნიკა გილაურმა.