ზურაბ გურული: პუტინი უკვე გამოუვალ მდგომარეობაშია. რომ დაეთანხმოს ტრამპის გეგმას და საომარი მოქმედებები შეაჩეროს, გამოვა რომ უპირობოდ აღიარებს ამერიკას ჰეგემონად

მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი და მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორი :
შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან პრეზიდენტმა ტრამპმა ამ ეტაპისათვის მოიგო აბსოლუტურად ყველა დიპლომატიურ-პოლიტიკურ-ეკონომიკური ბრძოლა, რომლებშიც მას სამარცხვინო მარცხსა და ფიასკოს უწინასწარმეტყველებდნენ. მასთან ერთად ცხადია მოიგო ამერიკამ და ამერიკის ნამდვილმა მოკავშირეებმაც.
1. / – ევროპაში ვიზიტის შემდეგ პრეზიდენტი ტრამპი დარწმუნდა, რომ ევროპელ მოკავშირეებს 50 დღეზე გაცილებით ნაკლები სჭირდებათ რუსეთთან დაუზიანებლად „ჩახსნისათვის“ და ამიტომ რუსეთის პრეზიდენტს ვადა 12 დღემდე შეუმცირა. პუტინი უკვე გამოუვალ მდგომარეობაშია. რომ დაეთანხმოს ტრამპის გეგმას და საომარი მოქმედებები შეაჩეროს, გამოვა რომ უპირობოდ აღიარებს ამერიკას ჰეგემონად. რომ არ დაეთანხმოს, კიდევ უფრო გააცოფებს ტრამპს, რასაც სასტიკი ეკონომიკური ბლოკადა და უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების გაზრდა მოჰყვება. პუტინმა შეუქცევადად დაკარგა ის ხანმოკლე „ფანჯარა“ პერიოდი, როდესაც ტრამპი მას მაქსიმალურად პატივსაცემ პირობებს სთავაზობდა. ასე რომ, უახლოეს პერიოდში რუსეთის არნახულ მიჭირხვნას ვიხილავთ ყველა ფრონტზე.
2. ევროკავშირი – ევროკავშირმა გააცნობიერა, რომ არ შეუძლია რუსეთ-ჩინეთის სამხედრო გამოწვევებისაგან დამოუკიდებელი თავდაცვა და ტრამპის ტარიფებზე დათანხმებით ისევ „დაიქირავა“ ამერიკული ჯარი საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად. აბსოლუტურად სამართლიანი გარიგებაა. ჯარის დაქირავება ყოველთვის, ყველა ეპოქაში ძვირი სიამოვნება იყო, თორემ აბა ისე რა რჯიდა დავით აღმაშენებელს, ყივჩაღები რომ ჩამოასახლა. ევროპას „ყივჩაღები“ საკმარისად ჰყავს, მაგრამ მათ სამხედრო სამსახურში არ ამწესებენ; შესაბამისად, მოუწევთ ამერიკელებისათვის ჯარის ქირის გადახდა.
პარალელურად, ევროკავშირს ასევე მოუწევს ამერიკული იარაღის შესყიდვა სატარიფო ფასებით და მისი გადაცემა უკრაინელებისათვის. ესეც აბსოლუტურად სამართლიანია. მსოფლიოს მეორე ეკონომიკას, ანუ გაერთიანებულ ევროკავშირს ფინანსურ შეღავათებს არავინ გაუწევს.
3. დიდი ბრიტანეთი – ბრიტანელები ახლა დააფასებენ ბრექსიტს განსაკუთრებულად, რადგან დიდი ალბათობით ამერიკა მათ ევროკავშირისგან განსხვავებულ, უფრო შეღავათიან ტარიფებს დაუწესებს. ცხადია, პრემიერი სტარმერი თუ რაღაც ექსტრაორდინალურ სისულელეს არ ჩაიდენს, რაც ნაკლებ მოსალოდნელია, მაგრამ არა შეუძლებელი.
4. ამერიკა – ამერიკა მიიღებს ტრილიონობით დოლარს ტრამპის წყალობით, რაც დაეხმარება უაღრესად ხანმოკლე ვადებში დაიბრუნოს მსოფლიო სამხედრო ჰეგემონია, რაც თავისთავად მსოფლიოში მშვიდობის მთავარი გარანტიაა.
ახლა ერთადერთი ფრონტი, სადაც ტრამპის ოპოზიციას რაღაც წარმატების იმედი შეიძლება ჰქონდეს, მორალურ-ეთიკური ფრონტია; შესაბამისად, აწი ძირითად პრეტენზიებს ეპშტეინის ფაილებთან დაკავშირებით ვიხილავთ. რამდენად მნიშვნელოვანი იქნება უაღრესად წარმატებულ სამხედრო-ეკონომიკურ-პოლიტიკურ სიტუაციაში ეთიკაზე აპელირება, ამის საწინასწარმეტყველოდ უნდა გავიხსენოთ რუზველტის, კენედის, კლინტონის, ობამას და ა.შ. ეთიკური დევიაციები და პასუხიც გვეცოდინება.
დაველოდოთ …

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ალეკო ელისაშვილზე – დაველოდოთ ვის შეარჩევენ თავიანთ კანდიდატურად, თუმცა ამ ცირკიდან, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ვფიქრობ, რომ ლოგიკური შედეგი იქნებოდა ამ კანდიდატურის წამოყენება