“პოლიტიკა და ლოიალობა, ანუ რისი ეშინიათ „ჰარიფებს“
————————————————
პოლიტიკაში არამარტო მორალია ფარდობითი ცნება, არამედ მეგობრობაც.
პოლიტიკოსებს არ ჰყავთ მეგობრები; მათ ჰყავთ სიტუაციური მოკავშირეები. ნამდვილი მეგობრობის მთავარი პირობა უპირობო ლოიალობა, ანუ ერთგულებაა; უპირობო ერთგულებას კი იურისპრუდენცია კანონიერად მხოლოდ უახლოეს ნათესავებში აღიარებს. მეუღლეს, შვილს და მშობელს კანონით აქვთ უფლება, რომ ერთმანეთის საწინააღმდეგო ჩვენებები არ მისცენ გამოძიებას. ყველა დანარჩენ შემთხვევაში კი ლოიალობა სისხლის სამართლის კანონმდებლობით ისჯება დანაშაულის დაფარვის შემთხვევაში.
2019 წელს უკრაინის დაზვერვის უფროსად პრეზიდენტმა ზელენსკიმ ივან ბაკანოვი დანიშნა; თავისი ბავშვობის მეგობარი. ბაკანოვი სრულიად არაკომპეტენტური იყო ამ პროფესიაში. ეს ერთხანს მოუთმინეს. შემდეგ საკუთარი ვაჟი ცოლის გვარზე გადაიყვანა და დაზვერვაში საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე დანიშნა, რათა ფრონტზე სავალდებულო გაწვევისაგან გადაერჩინა. პრიეზიდენტმა ზელენსკიმ დათმო მეგობრული ლოიალობა და 2022-ში ბაკანოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა. SBU-ს უფროსად დაუნდობელი ბულდოგი, ვასილი მალიუკი დაინიშნა და სწორედ მალიუკის დამსახურებაა უკრაინის დაზვერვის იმ დონეზე გაწმენდა რუსული აგენტურისაგან, რომ ოპერაცია „ობობას ქსელი“ ბოლომდე სრულიად საიდუმლოდ დარჩა FSB-სათვის.
„მე მიყვარს პრეზიდენტი ტრამპი იმდენად, რამდენადაც ერთ მამაკაცს შეიძლება უყვარდეს მეორე მამაკაცი“ – წერდა რამდენიმე თვის წინ ტვიტერ X-ზე ილონ მასკი. პოლიტიკაში სიყვარულიც ფარდობითი ცნებაა. თუმცა, რატომ გადავეკიდეთ ამ პოლიტიკას; ჩასვით მის ნაცვლად „ცხოვრება“ და აღმოჩნდება რომ პოლიტიკური ფარდობითობები ზუსტად ანალოგიურ აქსიომატურ ჭეშმარიტებას წარმოადგენს ამ შემთხვევაშიც.
ის, რაც დღეს ამერიკაში ხდება, სრულიად ბუნებრივი პროცესია. შეუძლებელი იყო, რომ ორი გამორჩეული ადამიანის ეგოთა გრავიტაციული ველი დიდხანს დარჩენილიყო ჰარმონიაში. უბრალოდ, რეზონანსია განსაკუთრებულად ძლიერი, რადგან პლანეტის ორი უძლიერესი ადამიანი დაუპირისპირდა ერთმანეთს, მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი და მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი. ერთი მათგანი სისტემის პირამიდის წვეროზეა, მეორე კი თავად არის სისტემაც, პირამიდაც და პირამიდის წვეროც.
ვინ აჯობებს? სისტემა თუ პიროვნება? – გულუბრყვილო შეკითხვაა. ქვეყანაში, რომლის არსებობის სტაბილურობასაც სისტემის ურყევობა განაპირობებს, სისტემა უძლეველია. ერთია მხოლოდ, ამჯერად ეს პიროვნება იმდენად ექსტრაორდინალურია, რომ ურყევი აქსიომა ნაკერებში ირღვევა მასთან მიმართებაში.
ამერიკის თავდაცვისა და კოსმოსური დაზვერვის ინტელექტს ამჟამად ელონ მასკი აკონტროლებს. მისი რაკეტების გარეშე ვერცერთი სადაზვერვო თანამგზავრი ვერ გავა ორბიტაზე. ჩინურ ხელოვნურ ინტელექტთან დააპირიპირებაც მასკის გარეშე შეუძლებელია ამერიკისათვის. შესაბამისად, რამდენადაც დიდი არ უნდა იყოს ცდუნება მისი ფიზიკური მოსპობისა, იმდენად დიდია რისკი, რომ მის გარეშე ამერიკა გამანადგურებელ დარტყმას მიიღებს მრავალი მიმართულებით.
მსოფლიო სტაბილურობას ამ ორი უდიდესი პიროვნების მორიგება სჭირდება. ცხადია, ეს მათაც იციან, მაგრამ ემოციებს განმუხტვა სჭირდება და ამიტომ ალბათ კიდევ არაერთ საჯარო კინკლაობას ვიხილავთ. ესეც ახალია მსოფლიოსათვის. მანამ ანალოგიური პროცესები კულისებში, შენიღბული დიპლომატიური ფრაზეოლოგიით მიმდინარეობდა. დონალდ ტრამპმა ეს ეპოქა დაასრულა და ახლა გვაქვს იმის ფუფუნება, რომ აქამდე გასაიდუმლოებელ პროცესებს სრულიად გამჭვირვალედ, პირდაპირ დავაკვირდეთ და არა პოსტ-ფაქტუმ, მემუარებში.
სწორედ ეს უკიდეგანო გამჭვირვალობა აშინებს „ჰარიფებს“ ზუსტად ისე, როგორც სუსტი ფსიქიკის პატრონებს არ სურთ საკუთარი დიაგნოზის ზუსტად ცოდნა, რადგან ეს ცოდნა მათ უკიდურესად პრაგმატულებს კი არ გახდის, არამედ შიშით დაადამბლავებს,” – მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი და მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორი ზურაბ გურული.