ზავრადაშვილი: ქალბატონ ე.წ. პრეზიდენტს ეს კანონი წაკითხული არ აქვს, ამაში ეჭვიც არ მეპარება

ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამ კანონის მოწინააღმდეგე არის უმრავლესობა, ისევე როგორც, თურმე ვაკეში საბადურის ტყე გაშენდა და სანაპიროზე მტკვარი ორად გაიყო, ან კიდევ სტიქაროსნები აქციას ატარებდნენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირმა ზავრადაშვილმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილება.

ზავრადაშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს მიმართა და სთხოვა ეპასუხა, ელახება თუ არა თავმოყვარეობა, როგორც იურისტს მაშინ, როცა კანონპროექტთან დაკავშირებით არცერთი არგუმენტი არაა წარმოდგენილი.

„ქალბატონ ე.წ. პრეზიდენტს ეს კანონი წაკითხული არ აქვს, ამაში ეჭვიც არ მეპარება, უბრალოდ, მჯერა, რომ თქვენ გაქვთ ეს კანონი წაკითხული და შინაარსი ზუსტად იცით. როგორც იურისტს, გელახებათ თუ არა თავმოყვარეობა იმ ნაწილში, რომ არცერთი არგუმენტი წარმოდგენილი არ არის იმის დასამტკიცებლად, რა ნარატივსაც აყენებენ შალიკოს ფანჩატურიდან პრეზიდენტის ავტოფარეხამდე მობოდიალე ქვეყნის მტრები? გელახებათ თუ არა თავმოყვარეობა, როცა ვენეციის კომისია აკეთებს დასკვნას, სადაც საუბრობს, რომ კანონი შეკრებისა და სიტყვის თავისუფლებას უშლის ხელსო. ასეთ შემთხვევაში იურისტს უნდა შეელახოს თუ არა თავმოყვარეობა? ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამ კანონის მოწინააღმდეგე არის უმრავლესობა, ნამდვილად ძალიან შორს ვარ ამ აზრისგან, ისევე როგორც თურმე ვაკეში საბადურის ტყე გაშენდა და სანაპიროზე მტკვარი ორად გაიყო ან კიდევ სტიქაროსნები აქციას ატარებდნენ, ასეთივე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ უმრავლესობას არ უნდა ეს კანონი. არის თუ არა ეროვნული თავმოყვარეობა შელახული მაშინ, როცა შიგნით და გარეთ მავნებლები და შალიკოს ფანჩატურიდან პრეზიდენტის ავტოფარეხამდე მობოდიალე ადამიანები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გარეთაც და შიგნითაც საზოგადოება გახლიჩონ ორად, აბსოლუტურად ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. ერთხელ ასეთი მცდელობა ჰქონდათ, როცა დემარში გააკეთებინეს დიპლომატიურ კორპუსს, მეორედ მთელს მსოფლიოს აძახებინეს, რომ ყოფილი პრეზიდენტი შიმშილისგან კვდებოდა იმავენაირად გამოუთხარეს ქვეყანას ძირი, ახლა მესამე, რომ საერთაშორისო მასშტაბით უთხრიან ძირს საქართველოს და სანქციებით ემუქრებიან კანონმდებელს, რომლის მთავარი ფუნქციაა კანონის მიღება. 26 მაისიც კი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია ქართველი კაცისთვის, ე.წ. პრეზიდენტის აპარატმა, ერთ მუჭა პოლიტიკოსებთან ერთად, ორ ადგილას აზეიმებინა ქართველ ხალხს. არის თუ არა ეს ამ მობოდიალე ხალხის პრეზიდენტის მეთაურობით საზოგადოების გახლეჩის, დაპირისპირების და ქვეყნის ძირის გამოთხრის მცდელობა?“- განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ზავრადაშვილი მის მიერ გაკეთებული განცხადებით, რომ “არ სჯერა, თურმე ვაკეში საბადურის ტყე გაშენდა და სანაპიროზე მტკვარი ორად გაიყო”, სოციალურ ქსელში გავრცელებულ, საპროტესტო აქციების ამსახველ ფოტოებს გამოეხმაურა. მმართველი გუნდის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ზოგიერთი ფოტო დამონტაჟებულია.

ასევე დაგაინტერესებთ