ვრცელდება მოწოდებები მანიფესტაციების ჩატარებისას სტრატეგიული ობიექტების ბლოკირების შესახებ. მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს – შსს

ვრცელდება მოწოდებები მანიფესტაციების ჩატარებისას სტრატეგიული ობიექტების ბლოკირების შესახებ. მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს –
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, სოციალურ ქსელებში ვრცელდება მოწოდებები შეკრება-მანიფესტაციების ჩატარებისას სხვადასხვა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ბლოკირების, მათ შორის, ტელერადიომაუწლებლობების, რკინიგზის სადგურების, ცენტრალური მაგისტრალებისა და სხვა საკვანძო ობიექტების პიკეტირების შესახებ.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მიმდინარეობს ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო აქტივისტებისა და არასამთავრობო სექტორის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები, ასევე, აქციის მონაწილეების მიერ დაანონსებულია შეკრება-მანიფესტაცია რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება მოწოდებები შეკრება-მანიფესტაციების ჩატარებისას სხვადასხვა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ბლოკირების, მათ შორის, ტელერადიომაუწლებლობების, რკინიგზის სადგურების, ცენტრალური მაგისტრალებისა და სხვა საკვანძო ობიექტების პიკეტირების შესახებ.
ასევე, სოციალურ ქსელებში არსებულ სხვადასხვა დახურულ ჯგუფში, გარკვეული პირები აქტიურად ავრცელებენ პროვოკაციულ მოწოდებებს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ავტომობილების და ვიდეოსამეთვალყურეო კამერების დაზიანების შესახებ.
ამავე ჯგუფების წევრები შეკრება-მანიფესტაციისთვის ხელკეტებით, რკინის მილების, ჯაჭვების, საღებავების, სხვადასხვა სახის რკინის ნივთებისა და ხელსაწყოების მობილიზებას აორგანიზებენ და თანამოაზრეებს მოუწოდებენ აქციაზე სამართალდამცველთა წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების განხორციელებისას გამოიყენონ აღნიშნული ნივთები.
აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შევახსენებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობა დეტალურად განსაზღვრავს შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების სამართლებრივ ჩარჩოებსა და ფარგლებს, რათა დაცული იყოს შეკრების მშვიდობიანი ხასიათი, საზოგადოებრივი უსაფრთხოება, უზრუნველყოფილი იყოს სხვადასხვა დაწესებულების გამართული ფუნქციონირება და ტრანსპორტის ნორმალური მუშაობა.
ხაზგასასმელია, რომ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება არ მოიცავს სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნორმალური მუშაობისა და მოქალაქეთა ცხოვრების ჩვეული რიტმის მიზანმიმართული შეფერხების უფლებას.
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად, აკრძალულია შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალებისა და რკინიგზის ბლოკირება.
ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე და 222-ე (პრიმა) მუხლების თანახმად, დასჯად ქმედებას წარმოადგენს სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება, ბლოკირება ან სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირების ორგანიზება.
აღნიშნული დანაშაულები სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეკრების მშვიდობიანობის უზრუნველყოფის მიზნით კანონმდებლობა ადგენს არაერთ აკრძალვას, მათ შორის, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე-11 (პრიმა) მუხლების თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ:
• იქონიონ ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება ან ცივი იარაღი;
• იქონიონ ისეთი საგანი ან ნივთიერება, რომელიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მიზნით;
• იქონიონ ცრემლმდენი, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან/ და მომწამვლელი ნივთიერება;
• იქონიონ ალკოჰოლიანი სასმელები;
• დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით ან/და საგნებით გადაკეტვა.
• დაუშვებელია შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეების მიერ ისტორიული, არქეოლოგიური, არქიტექტურული ან/და სამეცნიერო მნიშვნელობის მქონე შენობა-ნაგებობის, ძეგლის, მემორიალის ბლოკირება, ვიზუალური მხარის დამახინჯება, დაზიანება ან/და სხვაგვარი ხელყოფა.
აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი საგნის ან ნივთიერების ქონისგან, რომელიც ქმნის შეკრების მშვიდობიანი ხასიათის დაკარგვის რეალურ რისკებს.
აქციის ორგანიზატორებს ასევე, მონაწილეებს მოვუწოდებთ, არ გასცდნენ შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას აკრძალული ნივთების ჩამოსართმევად.
ასევე, ძალადობრივი ქმედებების აღსაკვეთად შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ იძულების ღონისძიებებს, მათ შორის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ყველა სპეციალურ საშუალებას.
გვსურს საზოგადოებას ასევე შევახსენოთ, რომ გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაზე აქციის მონაწილეების მიერ განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს 32 თანამშრომელი დაშავდა. ასევე, აქციის მონაწილეებმა დააზიანეს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ არსებული ინფრასტრუქტურა, გზის საფარი და ვიდეო-სამეთვალყურეო კამერები.
აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დაკავებულია 43 პირი.
აქციაზე მომხდარ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები დღესაც მობილიზებულები იქნებიან დაგეგმილ აქციაზე და დაიცავენ მართლწესრიგს“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მგონია, სალომე ზურაბიშვილს მაინც ეყოფა გონიერება, რომ არც თავად დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსი და არც ვინმე სხვას არ დაარღვევინოს ისეთი ნორმები, რომლებიც გაითვალისწინებს მათ მრავალწლიან პატიმრობას

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი მიზანია აშშ-ის სტრუქტურების გათავისუფლება „დიფ სთეითისგან“, თუ ამას გააკეთებს, დადებითად აისახება საქართველოს ინტერესებზე და გაჯანსაღდება ურთიერთობები აშშ-სა და საქართველოს შორის