ვიცოდე იქ მაინც, სადაც ჩვენი კონტროლირებადი ნაწილია, რას აკეთებს ადგილობრივი ხელისუფლება | იოსელიანი პერევსა და ქარძმანში ჩავიდა

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, 20 დეკემბერს ლევან იოსელიანი ოკუპირებულ ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში – პერევსა და ქარძმანში ჩავიდა, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.
იოსელიანის თქმით, ქარძმანი ორად არის გაყოფილი და მისი დიდი ნაწილი თავისი მიწებითა და მოსახლეობით ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოხვედრილი. საოკუპაციო საზღვარი თვეში მხოლოდ 10 დღით იხსნება და მოსახლეობას მიმოსვლის საშუალება ეძლევა. თუმცა, ასეთი მიმოსვლა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, როგორც დოკუმენტაციის, ასევე ტვირთების გადატანა-გადმოტანის თვალსაზრისით.
“არ აძლევენ საშუალებას, რომ ერთ ჩანთაზე და რამდენიმე თავ ყველზე მეტი გადმოიტანონ და ასე შემდეგ, მათი უფლებები ამ თვალსაზრისით არის მთლიანად იგნორირებული. საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში დავდივარ ინტენსიურად იმისთვის, რომ აქ მცხოვრებ ადამიანებს შევხვდე ვესაუბრო და ვიცოდე იქ მაინც, სადაც ჩვენი კონტროლირებადი ნაწილია, რას აკეთებს ადგილობრივი ხელისუფლება, რა სერვისებს აწვდის”, – თქვა იოსელიანმა.