ვისურვებდი სუბსიდია სტანდარტულ მანდარინზეც იყოს.. დარგში პრობლემებია – კახა შავაძე (bm.ge)

„აჭარა ტრეიდინგ გრუპის“ დამფუძნებელი კახა შავაძე არასტანდარტული მანდარინთან ერთად სტანდარტული მანდარინის სუბსიდირების საჭიროებას ხედავს და აცხადებს, რომ ეს დარგს დაეხმარება. ამის შესახებ მან “ნარინჯისფერი რთველის” დაწყებასთან დაკავშირებით გადაცემა “საქმის კურსთან” ისაუბრა.
არასტანდარტული მანდარინის გადამუშავებისთივს სუბსიდია წელსაც გაიცემა. კერძოდ, აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, არასტანდარტული (სამრეწველო გადამუშავების) მანდარინის სუბსიდია 35 თეთრი იქნება, დამატებით 5 თეთრს კი გადამმუშავებელი საწარმო გადაიხდის, რაც საერთო ჯამში 40-თეთრიან ფასს განსაზღვრავს.
დარგის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ სუბსიდიის მომხრე არ არის, მაგრამ დღეს როგორც ფერმერები ისე გადამმუშავებელი ქარხნები მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე არიან, რის გამოც სუბსიდიის გარეშე მათ გაუჭირდებათ.
“სუბსიდია ზოგადად კარგი არ არის, მაგრამ ამ ეტაპზე ვფიქრობ მაინც საჭიროა. არც ფერმერები და არც საწარმოები ჯერ კიდევ იმ ეტაპზე არ არიან, რომ სუბსიდიის გარეშე შეძლონ მუშაობა. უფრო მეტსაც გეტყვით, მე ვისურვებდი მაგალითად, რომ რაღაც დოზით, სტანდარტულ მანდარინზეც იყოს სუბსიდია დაშვებული, რათა ინდუსტრია ფეხზე დადგეს.
რეალურად ძალიან დიდი პრობლემებია და ჩვენი საწარმოები მზად არ არიან, ეს პროცესი ძალიან დიდ ინფრასტრუქტურულ დანახარჯებს მოითხოვს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაღაც პროგრამები აქვს, რომელთა ეფექტიანობა დიდად ვერ დავინახე”, – ამბობს „აჭარა ტრეიდინგ გრუპის“ დამფუძნებელი კახა შავაძე.
საქართველოში ციტრუსის კრეფის სეზონი იწყება. მოსავლის დაბინავებისთვის ქობულეთში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა. საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი გადამმუშავებელი საწარმო ჩაიბარებს, ხოლო არასტანდარტულ ნაყოფს ქობულეთის ორი საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით გადაამუშავებს.
bm.ge