ვიზალიბერალიზაციის გაუქმება ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია – არასამთავრობოები (NGO-ები)

არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების განცხადებებს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის შესაძლებლობასთან დაკავშირებით.
არასამთავრობო ორგანიზაციების განმარტებით, ეს განცხადებები აღმაშფოთებელია და ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება“ თავად აცნობიერებს, რომ მათი ქმედებებისა და პოლიტიკის შედეგად საქართველოს ევროპულ მომავალს სერიოზული საფრთხე ექმნება.
„სწორედ ამიტომ ცდილობენ, გაამართლებინონ საზოგადოებას ის, რასაც თავად ემსახურებიან. საქართველოს ევროპული პერსპექტივის ნგრევა გაამართლონ და გააუფასურონ. იმ დროს, როდესაც ქართული სამოქალაქო საზოგადოება, ხალხის დაკვეთის შესაბამისად, წლებია იბრძვის საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის, კანდიდატის სტატუსის და ვიზალიბერალიზაციის მისაღწევად, „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად აყენებს საფრთხის ქვეშ ამ მიღწევებს. მათთვის მთავარი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაა – თუნდაც ვიზალიბერალიზაციის გაუქმების ფასად“, — ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.
მეორე მხრივ, არასამთავრობოების განცხადებით, სულ უფრო თვალსაჩინო ხდება, რომ ევროკავშირთან ურთიერთობების გაფუჭება და ქართველებისთვის ევროპაში თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა არა ქართველი ხალხის, არამედ სა და ივანიშვილის რეჟიმის ინტერესშია.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების პოზიციაა, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა მიმართონ სანქციები არა ქართველი ხალხის, არამედ იმ პირების მიმართ, ვინც ემსახურება არაკონსტიტუციური კანონების მიღებას, რეპრესიებსა და საქართველოს ევროპული კურსის მხარდამჭერი ჯგუფების დევნას.
„თუმცა, როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ თავისი პოლიტიკითა და ანტიდასავლური პროპაგანდით ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროკავშირმა ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება სწრაფად მიიღოს, რითაც ქართველი ხალხი უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდება. რეჟიმი ცდილობს გაექცეს პასუხისმგებლობას პროპაგანდისტული მეთოდების გამოყენებით. მათ ზუსტად იციან, უვიზო მიმოსვლის გაუქმების აღდგენას ბევრი წელი დასჭირდება. დასავლელმა პარტნიორებმა უკვე გააუქმეს უვიზო რეჟიმი ოცნების მაღალი თანამდებობის პირებისთვის – მათ შორის, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის, ბევრს კი – პირდაპირ აუკრძალეს კონკრეტულ ქვეყნებში შესვლა. ახლა ივანიშვილის „ოცნებას“ იგივე ბედი სურს ქართველი ხალხისთვის“, — ნათქვამია განცხადებაში.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა ეს არ მოხდეს.
განცხადებას ხელს აწერს 25 ორგანიზაცია:
· საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
· ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
· ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
· სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
· ღია სივრცე კავკასია
· გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია- ეკო
· საქართველოს ევროპული ორბიტა
· სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“
· პრევენცია პროგრესისთვის
· ყვარლის ევროკლუბი
· ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
· საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობის კვლევის ფონდი.
· ევროპის ფონდი
· კანონის უზენაესობის ცენტრი
· სამართლიანი სა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
· საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
· შშმ პირთა ინტეგრაციისა და განვითარების ასოციაცია „ჰანგი“
· სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი
· დემოკრატიის მცველები
· ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
· საფარი
· საქართველოს სასამართლოს გუშაგი
· სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
რას ამბობს ოცნება?
„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ევროკავშირისგან უვიზო მიმოსვლის შეჩერებას არ ელის.
ამავდროულად, აკნინებს უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობას საქართველოს მოქალაქეებისთვის და ამბობს, რომ იმავე სარგებელს ნახულობენ ევროპული ქვეყნები, სადაც ქართველ ტურისტებს „ფული შეაქვთ“.
„რაიმე ღვთიური მანანა არის უვიზო მიმოსვლა? ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა? ეს ის ხომ არ არის, რაღაც ზემოდან ქედმაღლური ყურება პერიფერიისთვის, რომ ჩვენზე მოდის მადლი, რომ გვაძლევს შესაძლებლობას, შემოხვიდეთ. ბოდიში მომითხოვია ყველასთან, მაგრამ ეს უვიზო მიმოსვლა გულისხმობს ქართველი ტურისტის წასვლას გერმანიაში, საფრანგეთში, იქ ფულის დახარჯვას და იქაურ ეკონომიკაში ფულის შეტანას. დღეს ევროკავშირის ეკონომიკური ზრდა საშუალო 1%-ია და საქართველოსი – 10 % იმიტომ, რომ ჩვენ ვფიქრობთ ეკონომიკურად სწორად. თუ ვიზები ჩაკეტეს, არავინ შეუშვეს ტურისტი და ფული არ ხარჯა, ესეც [1%-იანი ზრდა} არ ექნება“, — ასე უპასუხა პაპუაშვილმა გერმანიის ელჩს, რომელმაც თქვა, რომ უვიზო მიმოსვლა პრივილეგიაა.
პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირი ცდილობს სხვა ქვეყნებზე პოლიტიკური ზეწოლის და შანტაჟის ინსტრუმენტის მოიპოვოს და ამიტომ ამარტივებს უვიზო რეჟიმის შეჩერებას.
“ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი ჩვენთვის მიუღებელია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
მისი შეფასებით, „რადიკალური ოპოზიციისთვის ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი მისაღებია,“ რის გამოც „დღეს „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში, ხოლო რადიკალური ოპოზიცია ქუჩაში“.
„რადიკალური ოპოზიცია ამბობს, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი მათთვის მისაღებია, ეს არის და ეს. ამიტომ ვართ ჩვენ ხელისუფლებაში, ხოლო რადიკალური ოპოზიცია ქუჩაში. შანტაჟის ქვეშ ეროვნული საქმე არ კეთდება. სწორედ ასე გავხადეთ რამდენიმე წელიწადში საქართველოს მოქალაქის პასპორტი მსოფლიოში სიძლიერით 43-ე. იმ ქვეყნების რაოდენობა კი, სადაც საქართველოს მოქალაქე წინასწარი ვიზის გარეშე შედის, 60-დან 123-მდე გავზარდეთ. საქართველოს მტრების გულის გასახეთქად, ეს ციფრი არათუ დაიკლებს, გაიზრდება“, – წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი, სოციალურ ქსელში წერს, რომ უვიზო მიმოსვლა საქართველოსთვის ტყუილად არავის მოუცია და თუ კომფორტი წინააღმდეგობაშია პატრიოტიზმთან, ქართველი ხალხი ყოველთვის ქვეყნის პატრიოტად დარჩება.
„უვიზო მიმოსვლა ნამდვილად კომფორტულია და ეს კომფორტი ჩვენ დავიმსახურეთ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, ყველა იმ განსაზღვრული ეტაპის გავლით, რაც ევროკავშირმა დაგვიწერა. შესაბამისად, ის ტყუილად არავის მოუცია. თუმცა თუ კომფორტი წინააღმდეგობაში მოდის პატრიოტიზმთან, ქართველი ხალხი ყოველთვის რჩებოდა და დარჩება თავისი ქვეყნის პატრიოტად,“ – წერს წილოსანი.
“ქართული ოცნების” განაყოფის, “ხალხის ძალის” წევრი სოზარ სუბარი არ გამორიცხავს, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი გაუქმდეს. ამის შესახებ სუბარმა “რადიო სივრცეში” სტუმრობისას განაცხადა.
“შესაძლებელია” ,- დასძინა სუბარმა.
ეს საკითხი აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც რადიო თავისუფალი ევროპის რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი რამდენიმე თვეში მიიღებს კანონმდებლობას, რომელიც ბრიუსელს გაუმარტივებს უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ყველა იმ ქვეყანასთან, ვისთანაც ასეთი რეჟიმი აქვთ.
სოზარ სუბარმა უვიზო რეჟიმის პოტენციური შეჩერება წინასწარვე დაუკავშირა “ქართული ოცნების” პროპაგანდისტულ გზავნილებს, რომ თითქოს ვინმე ევროპაში თბილისს ვასალობას სთხოვს. და დასვა კითხვა, თუ უვიზო რეჟიმი შეჩერდება, ქართველებმა უნდა აირჩიონ, რა ურჩევნიათ,” უვიზო რეჟიმი თუ შევინარჩუნოთ საქართველო”.
შეგახსენებთ, ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის შეჩერების განახლებულ მექანიზმზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირს მიეცემა შემდეგი ახალი საფუძველი უვიზო რეჟიმის შესაჩერებლად:
· როდესაც ევროკავშირის გარეთ მყოფი ქვეყანა არ იცავს იმავე სავიზო წესებს, რასაც ევროკავშირი, და ეს იწვევს უფრო მეტი ადამიანის შესვლას ევროკავშირში, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ქვეყანა გეოგრაფიულად ახლოს არის ევროკავშირთან;
· ინვესტორის მოქალაქეობის სქემის ფუნქციონირება, რომლის მიხედვითაც მოქალაქეობა გაიცემა წინასწარ განსაზღვრული გადახდების ან ინვესტიციების სანაცვლოდ;
· ჰიბრიდული საფრთხეები და ხარვეზები დოკუმენტების უსაფრთხოების კანონმდებლობასა თუ პროცედურებში.
ევროკავშირი ასევე შეძლებს შეწყვიტოს უვიზო მიმოსვლა კონკრეტულ ქვეყანასთან, თუ მათი საგარეო ურთიერთობა ამ ქვეყანასთან მოულოდნელად გაუარესდება, განსაკუთრებით ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები.
შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფუძველია უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნიდან არსებითი ზრდა მოქალაქეების, რომელთაც უარი ეთქვათ შესვლაზე ან დაშვებულზე მეტხანს რჩებიან შენგენის ზონაში; თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნების ზრდა, რომლის აღიარების მაჩვენებელი დაბალია; ევროკავშირთან თანამშრომლობის შემცირება რეადმისიაზე; საფრთხე შიდა უსაფრთხოებისთვის (მაგ. სისხლის სამართლის დანაშაულების გაზრდის გამო).
ცნობისთვის, “ქართულ ოცნებას” ევროკავშირთან ურთიერთობა დაეძაბა მას შემდეგ, რაც კანდიდატის სტატუსის მიღების მიუხედავად “ოცნებამ” მაინც დაამტკიცა რეპრესიული რუსული კანონი და დაარბია აქციები. იმ პერიოდში ფიზიკურად გაუსწორდნენ ათეულობით ადამიანს, მათ შორის სახლებთან ჩაუსაფრდნენ ოპოზიციონერ აქტივისტებს და ლიდერებს. ამის შემდეგ, გასული წლის შემოდგომაზე, ევროკავშირმა უარი თქვა მოლაპარაკებების გახსნაზე, რის შემდეგაც “ოცნებამ” ცალმხრივად შეაჩერა EU-სთან ინტეგრაციის პროცესი და მიიღო კიდევ არაერთი რეპრესიული კანონი, დააანონსა ოპოზიციის აკრძალვა და კრიტიკული არასამთავრობო სექტორისა და მედიის უკიდურესი შეზღუდვა.