ვიეტნამის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი და ქვეყნის ყველაზე გავლენიანი პირი, ნგუენ ფუ ჩონგი, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ჩონგი 2011 წლიდან სიკვდილამდე, სამი ვადის განმავლობაში, პარტიის გენერალური მდივანი იყო და 2018-2021 წლებში ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობაც ეკავა.
ჩონგი ქვეყნის ეკონომიკურ გაფართოებას, მათ შორის ჩინეთთან და აშშ-სთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პოლიტიკას, ხელმძღვანელობდა – მისი მმართველობის პერიოდში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მაჩვენებელი დაახლოებით ორჯერ გაიზარდა.
ამასთან, ჩონგი ანტიკორუფციული კამპანიის წარმოებას ცდილობდა, რომლის ფარგლებშიც დაახლოებით 200 000 მაღალჩინოსანი გასამართლდა. მიუხედავად ამისა, კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) მიხედვით, ვიეტნამს მნიშვნელოვანი პროგრესი არ ჰქონია, ხოლო 2023 წელს ქვეყანათა რანგირებულ სიაში 2022 წელთან შედარებით ერთი ადგილით ქვემოთ ჩამოინაცვლა.
მანამდე ჩონგს ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა და 18 ივლისს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პრეზიდენტ ტო ლამს თავისი ვალდებულებები გადააბარა.
