რა კონსტრუქციულობაზეა საუბარი, როდესაც წინა მოწვევის საკრებულოში ვიბარებდით მერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელებს, ისინი კი გვიცხადებდნენ, რომ კალაძემ აგვიკრძალა ოპოზიციასთან საუბარიო, – ასე ეხმაურება თბილისის საკრებულოს „ძლიერი საქართველო-ლელოს“ დეპუტატი ვატო სურგულაძე თბილისის საკრებულოს ახლად არჩეული თავმჯდომარის, ზურაბ აბაშიძის იმ განცხადებას, სადაც მან ოპოზიციას მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას.
მისივე თქმით, წინა მოწვევის საკრებულოში ოპოზიციის არცერთი წინადადება მხარდაჭერილი არ იყო.
„მე ოთხი წელი ვიყავი ამ საკრებულოში. მუდმივად კონსტრუქციისკენ მოგვიწოდებდნენ, მაგრამ არცერთი ჩვენი პროექტი, არცერთი ჩვენი წინადადება, არცერთი ჩვენი წინადადება ბიუჯეტის შეცვლაზე მხარდაჭერილი არ იყო!
სხდომაზეც კი არ გამოჰქონდათ, არ გვისმენდნენ და რა კონსტრუქციულობაზეა საუბარი, როდესაც წინა საკრებულოში ვიბარებდით მერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელებს, მათ კი განგვიცხადეს, რომ კალაძემ აგვიკრძალა ოპოზიციასთან საუბარიო. არ ვიცი ზურაბ აბაშიძე რას გააკეთებს. მე ვარ მერიის მაკონტროლებელი, როცა ვთხოვ მოსვლას, უნდა გამოცხადდეს! ვნახოთ, იმედს ვიტოვებ ეცდებიან ამ ქალაქისთვის რაღაც გააკეთონ და კორუფციას ებრძოლონ“, – აღნიშნა სურგულაძემ.




