ვალდებული არიან, უზრუნველყონ სასწავლო პროცესის წარმართვა – ხარისხის მართვა უნივერსიტეტებზე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებით, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან უზრუნველყოფილი უნდა იყოს სასწავლო პროცესის შეუფერხებელი განხორციელება, რათა არ მოხდეს აკრედიტაციისა და ავტორიზაციის სტანდარტების დარღვევა.
“ვეხმიანებით ზოგიერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის შეჩერებისა და გადავადების შემთხვევებს, რისი მომსწრენიც ბოლო პერიოდში გავხდით.
საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია წინასწარ, მის მიერ განსაზღვრული სასწავლო/აკადემიური კალენდრის შესაბამისად, უზრუნველყოს სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვა.
მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო პროცესის შეფერხებამ, მისმა შეჩერებამ ან გადაწევამ საფრთხე არ შეუქმნას საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული მიზნებისა და სწავლის შედეგების მიღწევას, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს მოსწავლეების, პროფესიული სტუდენტების, სტუდენტების კანონიერი ინტერესების შელახვას.
არსებული სტანდარტების მიხედვით, საგანმანათლებლო დაწესებულებას ინსტიტუციაში მიმდინარე ძირითადი პროცესების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად შემუშავებული უნდა ჰქონდეს სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ყველა შესაძლო რისკს, ასევე, მათი სრულად ან ნაწილობრივ თავიდან აცილების საშუალებებს.
შესაბამისად, მნიშვნელოვანია, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ადმინისტრაციის მხრიდან უზრუნველყოფილი იყოს სასწავლო პროცესის შეუფერხებელი განხორციელება, რათა არ მოხდეს აკრედიტაციისა და ავტორიზაციის სტანდარტების დარღვევა” – წერია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულო განცხადებაში.
14 მაისს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესი 20 მაისამდე შეაჩერა.
გუშინ, 13 მაისს, პარლამენტის მიმდებარედ აქციის ძალადობრივად დაშლის, მომიტინგეების ცემისა და დაკავებების პარალელურად, იურიდიულმა კომიტეტმა რუსული კანონი III მოსმენით, კომიტეტის დაწყებიდან 1 წუთში მიიღო. პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის მე-3 მოსმენით განხილვა დღეს, 14 მაისს, 12:00 საათზე დაიწყება.
ივანიშვილის ხელისუფლებას უკვე მეორედ სურს გასულ წელს მოქალაქეების პროტესტით შეჩერებული რუსული კანონის მიღება. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა “აგენტი” ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.