ვაკეში, სადაც მრავალსართულიანი კორპუსის აშენება იგეგმება, გზა ჩაინგრა

თბილისში, ვაკის რაიონში, ტაბიძის ქუჩაზე საავტომობილო გზა ჩაინგრა. მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა რაზმაძისა და ტაბიძის ქუჩებს შორის იგეგმება. ეს ორი ქუჩა ერთმანეთისგან ტერასებით არის გამოყოფილი.
კორპუსს ამხანაგობა „რაზმაძე 54-56“ აშენებს, რომელიც ამავე სახელწოდების ქუჩაზე მაცხოვრებლებმა შექმნეს. კორპუსის აშენებამდე რაზმაძის ქუჩის 54 და 56 ნომრებში კერძო სახლები იყო. ახლა იქ 11-სათულიანი შენობა შენდება, საიდანაც მიწაში არსებული ორი სართული პარკინგს დაეთმობა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ნგრევის ხმა გუშინ, 5 აგვისტოს, გვიან საღამოს მოესმათ, დილით კი ნანგრევები დახვდათ. დაზიანებულია წყლის მილი და ელექტროგადამცემი ბოძები. შეფერხებულია საავტომობილო მოძრაობაც.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ფერდი სამშენებლო სამუშაოების დროს ჩამოიშალა – უსაფრთხოების წესების დარღვევსთვის მშენებელი 30 000 ლარით დააჯარიმეს.
„შესაბამისი საექსპერტო შეფასებისა და კონსტრუქციული გადაწყვეტილების საფუძველზე დაიწყება დაზიანებული ფერდის აღდგენა“, – აცხადებენ მერიაში.
წყალმომარაგების კომპანიას (GWP) დაწყებული აქვს დაზიანებული მილის აღსადგენად სამუშაოები.