სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ლუის გრაჩამ (პორტუგალია) სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით, შეშფოთება გამოხატა იმ შესაძლო შედეგების გამო, რაც მსგავსმა პროცესებმა საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმისა და დემოკრატიული ცხოვრებისთვის შეიძლება გამოიწვიოს, – ამის შესახებ განცხადებას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრესსამსახური ავრცელებს.
„ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე ამ პროცესების შესაძლო შედეგებით. ნებისმიერ პირს, რომელმაც კანონი ან კონსტიტუცია დაარღვია, ყოველგვარი კითხვის გარეშე, სამართლიანი და გამჭვირვალე წესით პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. თუმცა, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესაძლებლობა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს პოლიტიკური პლურალიზმისა და დემოკრატიის ხარისხის შესახებ“, – აცხადებს გრაჩა.
მისი თქმით, „იმედი აქვს, რომ ყველა ჩართული მხარე მსგავსი ქმედებების ფართო გავლენას ყურადღებით განიხილავს და მოძებნის გადაწყვეტილებას, რომელიც ეროვნულ დიალოგსა და დემოკრატიულ სტაბილურობას გააძლიერებს“.
„გადაწყვეტილება, რომელიც პოლიტიკური აქტორების პროცესებიდან გარიცხვას გამოიწვევს, საზოგადოების კიდევ უფრო პოლარიზაციას უზრუნველყოფს და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობას დაასუსტებს“, – აღნიშნავს გრაჩა.
გრაჩა იმედს გამოთქვამს, რომ „საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები მოძებნიან გზას, რომელიც ინკლუზიურობასა და დიალოგს ხელს შეუწყობს“.
„როგორც პარლამენტარს, მჯერა, რომ სტაბილურობისა და რეფორმების საფუძველი ჩართულობა და თანამშრომლობაა, და არა გარიცხვა. ჩვენი ასამბლეა გააგრძელებს დიალოგისა და შერიგების გზების ხელშეწყობას და მხარს დაუჭერს გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეუთო-ს ვალდებულებების შესაბამისად, ინკლუზიურობასა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემას აძლიერებს“, – აცხადებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი.




