ეუთოს წევრი 37 ქვეყანა საქართველოში ადამიანის უფლებების გაუარესებაზე შეშფოთებას გამოხატავს

11 აპრილს ეუთოს წევრი 37 ქვეყნის სახელით ეუთოში გერმანიის ელჩმა, სუზან შიუტცმა განცხადება გაავრცელა.
ქვეყნები გამოხატავენ ღრმა შეშფოთებას საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების გამო.
„თებერვალში, ჩვენი ბოლო დისკუსიის შემდეგ, სამწუხაროდ, მომსწრე გავხდით იმისა, თუ რა შემდგომ ნაბიჯებს დგამს საქართველოს ხელისუფლება მისი დემოკრატიული და უფლებადაცვითი ვალდებულებებისგან გასვლის თვალსაზრისით“, – წერია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეშფოთებას იწვევს საკანონმდებლო გზით სამოქალაქო სივრცის შეზღუდვა, დამოუკიდებელი მედიის მიმართ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებული გამოყენებისთვის პასუხისმგებლობის არდაკისრება და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ დაუდგენელი ჯგუფების მხრიდან ძალადობა.
„ასევე, წინასწარი პატიმრობის გაუმართლებელი ხანგრძლივობის ვადები და ცნობები წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირების მიმართ არასათანადო მოპყრობაზე“.
სახელმწიფოები ასევე აკრიტიკებენ „FARA-ს ქართულ თარგმანს“ და მიუთითებენ, რომ ამ კანონმა, ბოლოს დროს მიღებულ სხვა საკანონმდებლო ინიციატივებთან ერთად, შესაძლოა კიდევ უფრო შეზღუდოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების საქმიანობა, წაართვას მათ საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელი გარანტიები.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ყურადღებით აკვირდებიან საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილ ბოლოდროინდელ ცვლილებებს; ამასთან, შეშფოთებას გამოხატავენ საკანონმდებლო ცვლილებების გამო, „რომლებიც ძირს უთხრის მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას“, მათ შორის, ცვლილებებს სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში და შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში.
„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა თვითნებურად დაკავებული ჟურნალისტის, მათ შორის მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ, რომელსაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. დაბოლოს, კვლავ ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ პოლიციის მხრიდან ძალადობის მიმართ ანგარიშვალდებულების მუდმივი ნაკლებობის გამო. ჩვენ არ გვინახავს სარწმუნო მტკიცებულებები საქართველოს ხელისუფლებას გამოეძიებინოს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციული გამოყენების ფაქტები, თვითნებური დაკავებები, წინასწარი პატიმრობის გაუმართლებელი ხანგრძლივობის ვადები და დაკავებულთა არასათანადო მოპყრობის ფაქტები. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები იმ პირთა უფლებების დასაცავად, რომლებიც იცავენ საკუთარ ფუნდამენტურ თავისუფლებას. ასევე, ჩაატაროს სრულყოფილი გამოძიება 2024 წლის 28 ნოემბრიდან პოლიციის ძალის გამოყენების შემთხვევებზე, რომლებიც მშვიდობიან პროტესტებს თან ახლდა, რათა პასუხისმგებლობა დაეკისროს ადამიანთა უფლებების დარღვევაში დამნაშავე პირებს. ამის შეუსრულებლობა კიდევ უფრო ძირს უთხრის საქართველოს ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობას. მიუხედავად საქართველოს მხრიდან გაკეთებული განცხადებებისა, რომლებიც კიდევ ერთხელ ადასტურებს დიალოგისა და ეუთოს პრინციპებისა და ვალდებულებების მიმართ ერთგულებას, ჩვენ ჯერ კიდევ არ გვინახავს რაიმე კონკრეტული ნაბიჯი მნიშვნელოვანი ჩართულობისკენ. საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელმა ქმედებებმა საქართველო კიდევ უფრო დააშორა დემოკრატიას. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიწყოს ინკლუზიური დიალოგი ყველა პოლიტიკურ პარტიასთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან, განგრძობადი კრიზისის მშვიდობიანი და დემოკრატიული გზებით გადაწყვეტისთვის“, – წერია განცხადებაში.
37 ქვეყნის წარმომადგენლობა ეუთოში აცხადებს, რომ ურყევია მათი ერთგულება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
„მტკიცედ ვუჭერთ მხარს ქართველი ხალხის მისწრაფებას და დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავლისკენ და მზად ვართ, ვიმუშაოთ საქართველოსთან, რათა უზრუნველვყოთ შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და უზრუნველყოს ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სრული პატივისცემა“.
ხელმომწერი ქვეყნები არიან:
ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, , , ფინეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, მონტენეგრო, ნიდერლანდი, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, მოლდოვა, რუმინეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო, და გერმანია.