ეს იყო ხელისუფლების მიერ კოორდინირებული ინციდენტი – “სამოქალაქო საზოგადოების ფონდი” ვანო ჩხიკვაძეზე

“სამოქალაქო საზოგადოების ფონდი” ეხმაურება 14 ივნისს მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც მათი ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერს, ვანო ჩხიკვაძეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეძახილებით დახვდნენ.
ორგანიზაციის შეფასებით, ეს იყო ხელისუფლების მიერ კოორდინირებული ინციდენტი, რომელიც -ის კონგრესში ვანო ჩხიკვაძის გამოსვლას ეხმაურებოდა.
“საინტერესოა, წინასწარ როგორ ჰქონდათ აეროპორტში შეკრებილ ჯგუფსა და პროპაგანდისტულ მედიას ინფორმაცია საქართველოს მოქალაქის ფრენის განრიგის შესახებ, თუ არა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობით. აღსანიშნავია, რომ დღევანდელი ინციდენტი ერთ-ერთია “ქართული ოცნების“ მიერ მართულ იმ ათეულობით თავდასხმას შორის, რომელთაც ბოლო კვირების მანძილზე ვხედავთ.
ჩვენი კოლეგა ვანო ჩხიკვაძე პროფესიული საქმითა თუ პიროვნული ღირსებით გულშემატკივრობს იმას, რასაც ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესი და კონსტიტუცია ითვალისწინებს – ეს არის საქართველოს ევროპული მომავალი. ბუნებრივია, მის მიერ ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციისა თუ საზოგადოებრივი კეთილდღეობის ადვოკატირება მიუღებელია ხელისუფლებისთვის, რომელიც საქართველოს მომავალს რუსეთში ხედავს…”, – წერია განცხადებაში.
14 ივნისს მოძრაობა „ხალხის ძალის“ მედიაპლატფორმა „პოსტივიმ“ გავარცელა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გადაღებული კადრები, რომლებზეც ჩანს, როგორ ხვდებიან „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელს, ივანე ჩხიკვაძეს, მოქალაქეები, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის, ტელეკომპანია “რუსთავი 2-ისა” და “იმედის” გადამღები ჯგუფები.
მოქალაქეები ივანე ჩხიკვაძეს უწოდებდნენ “გამყიდველს”, “სახელმწიფოს მტერს”, “სერგო ორჯონიკიძესა” და “სოროსის ფულზე გაყიდულ აგენტს”, ჟურნალისტებმა კი ჰკითხეს: “ქვეყნის ინტერესების ღალატი არ არის თქვენი საქციელი?” “ვისი სახელით გამოდიოდით?”
აეროპორტში დამხვედრი ხალხი თავს უწოდებს ადამიანებს „საქართველოდან”. ჩხიკვაძეს მათთვის პასუხი არ გაუცია.
ივანე ჩხიკვაძე მომხსენებელი იყო აშშ-ის კონგრესში, “ჰელსინკის კომისიის” ფარგლებში 4 ივნისს ჩატარებულ მოსმენაზე, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს შეეხებოდა. მასთან ერთად მოსმენაზე სიტყვით გამოვიდნენ ევროკავშირში საქართველოს ყოფილ ელჩი და „ჩეთემ ჰაუსის“ უფროსი მკვლევარი ნატალია საბანაძე და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი და „რენდის კორპორაციის“ უფროსი მკვლევარი უილიამ კორტნი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – რამდენიმე დღის წინ მთელ ოპოზიციას ერთად ჰქონდა შეკრება და რაოდენობა იყო რამდენჯერმე ნაკლები ჩვენს შეკრებასთან შედარებით – ასეთივე რამდენჯერმე ნაკლები იქნება ოპოზიციის შედეგი ამ არჩევნებზე