მიმდინარე წელს ეროვნულმა ბანკმა 12 საფინანსო ინსტიტუტი დააჯარიმა, მათ შორის 1 ბანკი („ბაზის ბანკი“), 2 საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, 2 საბროკერო კომპანია, 7 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია.
„ბაზის ბანკის“ ჯარიმამ 32 800 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ყველაზე მეტი ჯარიმა შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბერმელს“ დაეკისრა, რომელმაც 40 000 ლარი შეადგინა და შპს „მიკროსაფინანსო ორგანზაცია სმარტ ფინანსს“, რომელმაც 32 800 ლარი გადაიხადა.
საბროკერო ორგანიზაციებს შორის ყველაზე მეტი, 2300 ლარის ჯარიმა მარეგულირებელმა „სს „გალტ ენდ თაგარტს“ დააკისრა.
ორგანიზაციებს ძირითადად დარღვევები ჰქონდათ „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონის ანგარიშგების ნაწილში.
ფინანსური ინსტიტუტების დაჯარიმების მთავარი მიზეზები ძირითადად შემდეგია:
1.შემოწმების პროცესში დაფიქსირდა, შემმოწმებელთა ჯგუფისთვის კლიენტთან დადებული გარიგებების შესახებ ინფორმაციის/დოკუმენტაციის (დანართი №5) არასწორად წარმოდგენის ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 14 თებერვლის №35/04 ბრძანებით დამტკიცებული „პირები და მათი მმართველი ორგანოს წევრების მიმართ, ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის, ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესი“-ს (2021 წლის 5 აპრილის შემდგომ მოქმედი რედაქცია) 5¹ მუხლის მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
2.კლიენტთან მიმართებით განხორციელებულ ტრანზაქციებთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების გადაუცემლობის გამო, “ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
3.შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორად წარმოდგენის 2 (ორი) შემთხვევის გამო;
4.„საგადახდო მომსახურების პროვაიდერების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 28 მარტის №43/04 ბრძანებით განსაზღვრული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებით (კერძოდ 2022 წლის მეორე ნახევრისა და 2023 წლის პირველი ნახევრის ანგარიშგება) საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენა.