ფოტოზე ლეგენდარული მსახიობები, ამირან ბუაძე, გია ფერაძე, ნანული სარაჯიშვილი და ასმათ ტყაბლაძე არიან. ახალგაზრდა მსახიობებს ერთმანეთთან დიდი მეგობრობა აკავშირებდათ. სტატიაში მოგიყვებით ამბებსა და ისტორიებს ჩვენთვის, ყველასთვის საყვარელი სახეების ცხოვრებიდან.
ერთ დროს მხიარული, იუმორით სავსე „არასერიოზული კაცის“ ცხოვრებას ტრაგიკული დასასრული ხვდა წილად. გია ფერაძისა და ირინა მიქატაძის ამბის შესახებ ბევრი დაწერა, უფრო მეტი კი – თქმულა. როგორ შეიცვალა მსახიობის ცხოვრება იმ საბედისწერო ღამის შემდეგ, ამას გია ფერაძის მეგობარი, მსახიობი ასმათ ტყაბლაძე იხსენებდა:
„გია ჩემი დიდი ტკივილია. საოცარი ვინმე იყო. ამასწინათ შევიკრიბეთ მეგობრები – ნანული სარაჯიშვილი, ამირან ბუაძე, გია ავალიშვილი, მე და ყველა ერთხმად ამბობს, ჭიანჭველასთვის არ დაუდგამს ფეხი და ცხოვრება როგორი საშინელი ამბით დაასრულაო. ეს იყო ბედისწერა, დიდი უბედურება…
კალმის მსგავსი, რაღაც საშინელი იარაღი აჩუქეს რუსეთში. ამ საცოდავს, ალბათ, ნამდვილიც კი არ ეგონა. ნანულიმ მითხრა, ნამდვილი იარაღი აქვსო. ნანულის საშინლად ეშინია იარაღის. გიას ნახევრად იუმორით ვუთხარი, შენ სულელი ხომ არ ხარ! შენ ხელში ნამდვილი იარაღი როგორ შეიძლება, შემთხვევით რაღაც უბედურება არ დაგემართოს-მეთქი. შენ ნუ ხარ დიდაქტიკოსიო, მითხრა. ძალიან ნიჭიერი რომ იყო, მე სულ ხელს ვუწყობდი, რომ ესწავლა და დიდაქტიკოსს მეძახდა. გ
ციხიდან გამოსვლის შემდეგ ძალიან საცოდავი იყო. ის რაც ჰქონდა, სიხარული, სიკეთე და იუმორი, ციხიდან გამოსულს სულ დაკარგული ჰქონდა. ძველი გიასი აღარაფერი ჰქონდა შერჩენილი. იყო ტრაგიკული პიროვნება. სიცოცხლე აღარ უნდოდა. თავი არ მოუკლავს, მაგრამ განწყობა ჰქონდა ტრაგიკული. სვამდა… დიმა ჯაიანმა თავის თეატრშიც მიიყვანა სათამაშოდ. მაგრამ თქვა, მე სცენაზე დგომის უფლება არ მაქვსო. მორალურად განადგურებული იყო…“ – იხსენებდა ასმათ ტყაბლაძე.
უკვე 30 წელზე მეტია, „მარჯანიშვილის თეატრის“ ვარსკვლავია, თუმცა მისი ხმა მხოლოდ სცენაზე არ ისმის, მსახიობი ხშირად საუბრობს სამართლიანობის, ქალთა უფლებების, კულტურული მემკვიდრეობისა თუ ოკუპაციის თემებზე.
ამბობს, რომ ყველაზე მეტად ოჯახისა და ქვეყნის ერთგულია: „გული მტკივა, ქართველები სამშობლოდან რომ გარბიან, ასე არ შეიძლება. მესმის გაჭირვებაა, მაგრამ ყოველთვის არც მე მქონია დალხენილი ცხოვრება. შემეძლო, საზღვარგარეთ, პარიზში მდიდარ კაცზე გავთხოვილიყავი, მაგრამ ერთი წამით არ დავფიქრებულვარ ამაზე. ჩემს ქვეყანას კარგ საჭმელსა და ლამაზ კაბებზე არ გავცვლიდი. ასე რომ, ძალიან მტკივა გული, რომ ვხედავ, ქვეყანა იცლება, იმედია, მალე ასე აღარ იქნება და პირიქით – ჩემი ერი გამრავლდება”, – ამბობდა მსახიობი.
ამირან ბუაძის სახელი და გვარი კინომოყვარულებმა კარგად იციან. ის 1970 წლიდან „მარჯანიშვილის თეატრის“ მსახიობია. “მზე შემოდგომისა”, “მეცამეტე გოჭი”, „მონანიება“,”უკვდავების თეთრი ვარდი“, “ყველაზე სწრაფები მსოფლიოში”… – ეს მისი ფილმოგრაფიის მხოლოდ მცირედია.
ამირან ბუაძეს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული კინოსა და თეატრის განვითარებაში. მის მიერ შესრულებული როლები კი ახალი თაობისთვის სამაგალითო და მისაბაძია.
იშვიათი ტალანტი, ქართული თეატრისა და კინოს ღირსეული წარმომადგენელი – ასე ახასიათებენ ყველასთვის საყვარელ „მანანას“, ნანული სარაჯიშვილს.
1971 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია ტურფა („ვერის უბნის მელოდიები“, 1973), ვარდო („უჩინმაჩინის ქუდი“, 1976), მარო („გარიგება”, 1993) და სხვა. 1993 წელს შავი ზღვის აუზის ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალზე დაჯილდოვდა „ოქროს არწივით“ ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის.
