„ენერგოეფექტური პრინციპებით აშენებული სახლი 40%-მდე ნაკლებ ენერგიას მოიხმარს“ – თინათინ ვახანია

ენერგოეფექტური საცხოვრებლები არამხოლოდ ეკოლოგიურად გამართულია, არამედ საოჯახო ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს. თბოიზოლაცია, ორმაგი მინა, ლედნათურები და ენერგოეფექტური ტექნიკა – ეს ის მცირე დეტალებია, რომლებიც ენერგიის მოხმარების მხრივ მნიშვნელოვან სხვაობას ქმნის.
მართალია, ასეთი სახლის აშენება ტრადიციულთან შედარებით ძვირია, მაგრამ უკუგების სარგებელი ბევრად მაღალია: 40%-მდე ნაკლები ენერგომოხმარება და თითქმის 50%-ით დაბალი გადასახადები. ენერგოეფექტურობა არა მხოლოდ ფინანსების, არამედ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ გადადგმული ნაბიჯია – გლობალური მიზანი, რომელშიც თითოეულ ჩვენგანს შეუძლია მონაწილეობა.
კომპანია ,,ომნიას” ენერგეტიკის მრჩევლის, თინათინ ვახანიას რადიო „კომერსანტის“, ევროკავშირისა და KFW-ის მხარდაჭერით მომზადებულ რუბრიკაში ამბობს, რომ ენერგოეფექტურ სახლებზე დახარჯული თანხა, მომხმარებლებს დაახლოებით 5 წელიწადში უბრუნდებათ.
„ენერგოეფექტურია სახლი, სადაც ენერგიას ნაკლები რაოდენობით მოიხმარენ. ენერგიის დაზოგვას შეგვიძლია მივაღწიოთ თბოიზოლაციით, ორმაგი ფანჯრების ჩასმით, ასევე ტრადიციული ნათურების ლედნათურით ჩანაცვლებით, რომელიც დაახლოებით, 7-ჯერ ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. ტექნიკის შეძენის დროს, რაც უფრო ენერგოეფექტურს შევიძენთ, მით მეტ ენერგიას დავზოგავთ.
ენერგოეფექტური პრინციპებით აშენებული სახლი 40%-მდე ნაკლებ ენერგიას მოიხმარს.
მართალია, რომ ენერგოეფექტური სახლის აშენება ტრადიციულთან შედარებით ძვირი ჯდება, თვითღირებულება 5-8%-ით იზრდება, მაგრამ კომუნალური გადასახადები ყოველთვიურად 50%-მდე ნაკლებია, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან მოგებიანია.
ენერგოეფექტიანობის უნიკალურობა ისაა, რომ თითოეულ მოქალაქეს აქვს საშუალება წვლილი შეიტანოს გლობალურ სიკეთეში, ასევე ხელი შეუწყოს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას. გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ ენერგოეფექტურობა ენერგოდამოუკიდებლობას მოგვიტანს, მაგრამ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ამის ერთ-ერთი ნაწილია. დანახარჯების ამოღებაზე რომ ვისაუბროთ, ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, პირველ რიგში, სახლის მდებარეობა, ასევე, ტარიფები და ტექნოლოგიები. ზოგადად, დაახლოებით 5 წელის სჭირდება უკუგებას“,- აღნიშნა თინათინ ვახანიამ რადიო „კომერსანტის“, ევროკავშირისა და KFW-ის მხარდაჭერით მომზადებულ რუბრიკაში.
ვახანია ამბობს, რომ ენერგოეფექტურობის მიღწევა უკვე აშენებულ სახლებშიც შესაძლებელია, ამის ყველაზე მარტივი გზა კი LED განათების ენერგოეფექტური ნათურებია.
„ძველ სახლებში განსაკუთრებით ხელმისაწვდომია კედლის თბოიზოლაცია, ასევე LED ნათურების დაყენება, ფანჯრების გამოცვლა და ორმაგი მინების ჩასმა, რაც ძალიან ენერგოეფექტურია. შედარებით რთულია, მაგრამ კარგი საშუალებაა საათობრივი მრიცხველების დაყენება, რომლითაც შეგიძლია ენერგიის მოხმარების მართვა, მათ შორის დისტანციურად.
როცა სახლი უკვე თბება, თბობის ინტენსივობა შეგვიძლია შევამციროთ, მაგრამ ხალხს სამწუხაროდ, ასეთი მიდგომა აქვს, რომ სანამ ზაფხული არ დადგება, გათბობას არ გათიშავენ.
ენერგოეფექტურობის მიმართულებით საკანონმდებლო ბაზა უკვე არსებობს, რაც ენერგოეფექტური შენობების და ენერგოეფექტურობის კანონების მიღებით, ასევე მეორადი კანონმდებლობის შემუშავებით. შესაბამისი კანონმდებლობა 2023 წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდა, რომელიც ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნილებას ითვალისწინებს მშენებლობის დროს. დღეს, თუ გინდა, რომ 50მ² დიდი შენობა ააშენო, სანებართვო დოკუმენტაციასთან ერთად, ენერგოეფექტურობის შესაბამისობის დეკორაცია უნდა წარადგინო“,- თქვა თინათინ ვახანიამ რადიო „კომერსანტის“ ეთერში.