ეკონომიკურად საქართველო რეგიონის ერთ-ერთი ლიდერია | ევროკავშირის ანგარიში

ევროკავშირმა საქართველოში ბიზნეს კლიმატის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოზე დეტალურადაა საუბარი.
ანგარიშის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ეკონომიკის ანალიზს ეხება, რომლის თანახმადაც ქვეყანამ 2023-2024 წლებში მნიშვნელოვანი, ძლიერი ეკონომიკური ზრდა აჩვენა, რაც სტაბილური ტრაექტორიით მას რეგიონულ ლიდერად აქცევს.
„ეკონომიკურად საქართველო რეგიონის ერთ-ერთი ლიდერია, ეკონომიკური ზრდა კი ბოლო წლებში სტაბილური. პასუხისმგებელი მაკროპოლიტიკა, გლობალური ინტეგრაციის გაძლიერება, ჯანსაღი ინვესტიციები, მიმზიდველი ბიზნეს გარემო, მმართველობის გაუმჯობესება და სახელმწიფო ხარჯების ზრდა საფუძვლად დაედო პროგრესს“, – აღნიშნულია ანგარიშში.
ევროკავშირის ანგარიშში ნათქვამია, რომ ლიბერალური საგარეო სავაჭრო პოლიტიკა საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია.
სოციალური მაჩვენებლები გაუმჯობესდა, სიღარიბის მაჩვენებელი 2022 წლის 47.7%-დან 2023 წელს 43.6%-მდე შემცირდა, ხოლო უმუშევრობა შემცირდა 13.7%-მდე – 2024 წლის შუა რიცხვებში სამუშაო ძალის მაღალი მონაწილეობის გამო.
ანგარიშის თანახმად, სტანდარტებსა და რეგულაციებში საქართველომ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია მარეგულირებელ სისტემასა და ინფრასტრუქტურაში, ამასთან, ქვეყანა ფოკუსირებული რჩება ბაზრის ზედამხედველობაზე, ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზაციაზე, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაზე, სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების დიგიტალიზაციაზე.
აღსანიშნავია, რომ მეწარმეობის განვითარების თვალსაზრისით სახელმწიფო ბიუჯეტი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არსებითად გაიზარდა. შესაბამისად, Enterprise Georgia-მ, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ და სოფლის განვითარების სააგენტომ განაგრძეს თავიანთი პროგრამები: Enterprise Georgia-ს აქვს რამდენიმე დამხმარე პროგრამა და აქტივობა მეწარმეობის საერთო დონის გასაუმჯობესებლად. ხოლო რაც შეეხება GITA-ს, მან გააფართოვა თავისი ინიციატივების ნაკრები, რომელიც მიზნად ისახავს მეწარმეობის განვითარებას და ტექნოლოგიური წინსვლის ხელშეწყობას ქვეყნის მასშტაბით. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სააგენტოს (RDA) პროგრამების მთავარი მიზანი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა და სტიმულირებაა.
„საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობა რჩება არსებითი. სტრუქტურული ხარვეზების აღმოფხვრით, ინოვაციებისა და ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნით, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ პირობები მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და კონკურენტუნარიანობისთვის. ევროპის ბიზნეს ასოციაცია მოწოდებულია მხარი დაუჭიროს ამ ძალისხმევას და ბიზნესის პრიორიტეტებს“, – ამბობს ევროპული ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ჯონ ბრეკეველდტი.
,,ევროკავშირი საქართველოს ეკონომიკური განვითარების, სამუშაო ძალის ზრდისა და ქვეყნის ევროპულ ბაზრებზე ინტეგრაციის ხელშეწყობის ერთგული რჩება. კერძო სექტორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს მომავლის ფორმირებაში და ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას რეფორმების გატარების, უნარების განვითარებისა და სავაჭრო შესაძლებლობების შექმნის მიმართულებით. ევროკავშირი ურყევად გვერდში უდგას საქართველოს მოსახლეობას და მის დემოკრატიულ და ეკონომიკურ მისწრაფებს“, – წერს „ევროკავშირი საქართველოში“

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე ბაჩიაშვილის განცხადებაზე: ამ ვერსიის თანახმად, ანრი ოხანაშვილმა პირადად ჩაატარა სხვა ქვეყანაში სპეცოპერაცია და მსჯავრდებული წამოიყვანა, ეს სუს-ის პრესტიჟს ერთიორად ამაღლებს – მე წინააღმდეგობას ამ ვერსიის მიმართ არ დავაფიქსირებ, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან მომწონს

როგორც ჩანს, ოპოზიციის აზრით, საქართველოში ნაზი პიროტექნიკა იყიდება და ის არ ავნებს პოლიციელს და ამერიკაში წვავს – პიროტექნიკა ყველგან აზიანებს და ასე დააზიანა საქართველოში 170-მდე პოლიციელი, მაგრამ, ესენი ისეთი უსამშობლოები არიან, მათი აზრით, რაც საშინელება და დანაშაულია ამერიკაში, ის დასაშვებია საქართველოში

ეს უკვე კამპანიაა, მეტი რომ ვეღარაფერი მოიფიქრეს ამ ბოლო პერიოდში ახალი კამპანია დაიწყეს, რაღაც საზიზღრობას იტყვის ადამიანი ორ დღეში გამოვა ბოდიშს მოიხდის და მერე იტყვიან მაიძულეს, გამიტაცეს და რაღაცები მიქნესო