„არა რუსეთს, ამ ქვეყნის ადგილი მხოლოდ განვითარებულ და ცივილურ ევროპაშია“ – ასე ეხმაურებიან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დეველოპერულ კომპანია „ემ ქეი დეველოპმენტ გრუპში.” კომპანიის დამფუძნებელი მალხაზ კუნელაური ამბობს, რომ ქვეყანას არ აქვს უფლება შეწყვიტოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი, რადგან მათგან დამოუკიდებლად ძლიერი ეკონომიკის შექმნის რესურსი რა გაგვაჩნია.
კუნელაური ამბობს, რომ გაუფასურებული ლარის კურსი მთავარი ინდიკატორია იმისა, რა ბედი ელის ქვეყანას საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში.
„დღეს ერთმნიშვნელოვანი პოზიცია არის მხოლოდ ერთი, რომ არა რუსეთს და ამ ქვეყნის ადგილი არის განვითარებულ, ცივილიზებულ ევროპაში. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციაზე მუშაობა ერთი დღით მაინც შევაჩეროთ. ხელისუფლება რომ ხარ და კონსტიტუციაში რომ გიწერია, რომ ყველაფერი უნდა გააკეთო ევროპასთან ინტეგრაციისთვის, კეთილი უნდა ინებო და უნდა გააკეთო. შეფასება არ შეიძლება იმის იყოს, ვისაც დავალება მიეცა, შეფასება უნდა იყოს იმის, ვინც დავალება მოგცა და შენ თვითონვე არ უნდა გავარდე გამოცდიდან. დღე და ღამე უნდა იმუშაო იმისთვის, რომ ის კრიტერიუმები დააკმაყოფილო რაც დაგიწესდა, მაგრამ ამას არ აპირებენ რადგან ეს კრიტერიუმები ჩვენი ქვეყნისგან და ხელისუფლებისგან მოითხოვს რომ იყოს გამჭვირვალე სამართლებრივი სისტემა, არ იყოს კორუფცია, შერჩევითი სამართალი და ა.შ. რაც როგორც ჩანს არ უნდათ და იღებენ ამ გადაწყვეტილებას.
დღეს ბიზნესი ითარგმნება ერთი სიტყვით და ეს არის ჩვენი ქვეყანა. ბიზნესის მდოგმარეობის შეფასება არის ის, რაც ხდება ტაბლოებზე. შეხედეთ ლარის მდგომარეობას და ის რომ აშშ-მა შეაჩერა პარტნიორობა, ეს არის პირდაპირ პროპორციულად დამღუპველი ქვეყნისთვის, რადგან ჩვენ დამოუკიდებლად ევროპისგან და ამერიკისგან არ შეგვიძლია ძლიერი, დამოუკიდებელი, დივერსიფიცირებული ეკონომიკის შექმნა. ოკუპირებული საქართველო მარტო მტრის წინაშე ვერ შეძლებს სტაბილურობის შენარჩუნებას, ახლა ახალი ველოსიპედის გამოგონება მგონი ქვეყნის ღალატია და მეტი არაფერი,“ – განაცხადა კუნელაურმა.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/01/ministri-TxzLuL-300x196.jpeg)