საქართველოში ბოლო წლებში მეორად ტანსაცმელზე მოთხოვნამ საგრძნობლად იმატა, თუმცა ქვეყანაში ევროპიდან პროდუქციის შემომტანები პრობლემებზე საუბრობენ. ,,კომერსანტთან“ მეორადი ტანსაცმლის და ფეხსაცმლის საწყობის ,,Las Impex’’-ის წარმომადგენელი აცხადებს, რომ იმპორტიორებმა მაღაზიები თავად გახსნეს, რის გამოც პატარა ბიზნესები გაკოტრდნენ. მისივე განცხადებით, საწყობები მომხმარებლებს მათივე შემოტანილი ტანსაცმელს მათსავე გახსნილ მაღაზიებში სთავაზობენ, რის გამოც ფასი გაცილების დაბალია, ვიდრე საწყობიდან მომარაგებულ მაღაზიებში. სწორედ ამიტომ, პატარა მაღაზიებს მომხმარებლები დააკლდათ და უმეტესობა დაიხურა. საწყობის ,,Las Impex’’-ის წარმომადგენელი განმარტავს, რომ მაღაზიების დაკეტვით მათ რეალიზების პრობლემა შეექმნათ, რადგან თავად მაღაზიებს არ ფლობენ.
,,ევროპიდან ტანსაცმლის შემოტანა გაძვირდა, ხარისხი კი გაფუჭდა. ვაჭრობა დაკლებულია. არ არის მოთხოვნა. ჩვენ ევროპიდან, ინგლისიდან შემოგვაქვს. თვითონ შემომტანებმა, საბითუმო ჩამომტანებმა დიდი მაღაზიები გახსნეს და საცალო ვაჭრობა დაიწყეს. პატარა მაღაზიებზეც ყიდიან და თვითონაც გახსნეს დიდი მაღაზიები. ვისაც პატარა მაღაზია ჰქონდა გაკოტრდნენ და დაიკეტნენ. აღარ შედის იქ კლიენტი. რატომ შევა? ამხელა მაღაზიაში შედიან, არჩევანი დიდია და კვირის ბოლოს დიდი მაღაზიები ნაჭერს ლარად ყიდიან. რიგებია ასეთ მაღაზიებში.’’- აცხადებს ,,კომერსანტთან“ საუბარში საწყობის ,,Las Impex’’-ის წარმომადგენელი
ჩვენი რესპონდენტი ფალსიფიცირების შემთხვევებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ შემოტანილი ტანსაცმლის დიდი ნაწილი არა ევროპული, არამედ თურქეთში შეკერილი ახალი პროდუქციაა. მისი განმარტებით, თურქეთში შეკერილ სამოსს ევროპული მარკებით ბრენდავენ და მას მეორადად ასაღებენ. ევროპიდან ტანსაცმლის შემომტანი საწყობები სხვებს კონკურენციას ვეღარ უწევენ, რადგან თურქეთიდან ტრანსპორტირებას უფრო ცოტა დრო სჭირდება.
,,დიდი მაღაზიები ვისაც აქვთ თურქეთიდან შემოაქვთ. იქ ევროპული არის 20-30%. ყიდიან თურქეთში შეკერილ ტანსაცმელს. უხარისხოს და ფალსიფიცირებულს. აკრავენ ევროპულ მარკებს, მაგრამ არის თურქეთში შეკერილი. ურევენ ერთმანეთში. ნაწილობრივ არის ევროპული და დანარჩენი თურქეთში შეკერილი. სამხრეთ თურქეთში არის ქალაქი მერსი, სადაც არის ეკონომიური ზონა და სირიელი არაბები მუშაობენ. იქ აქვთ ქარხნები. იქვე იკერება. რამდენიმე საწყობი დავრჩით, ვისაც ნამდვილი ევროპული ტანსაცმელი შემოაქვს. თურქეთი აქვეა და მალე ჩამოდის. ვეღარ ვუწევთ კონკურენციას. ჩვენზე სწრაფად ჩამოაქვთ, თან ბევრი ჩამოაქვთ.’’- აცხადებს საწყობის ,,Las Impex’’-ის წარმომადგენელი.
ჩვენი რესპონდენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მეორადი ტანსაცმლის შემოტანა უნდა აიკრძალოს, რადგან ეს ეკონომიკას ამუხრუჭებს. მისი თქმით, ბაზრის იაფი ტანსაცმლით გაჯერება ეკონომიკის სხვადასხვა სექტორს მუშაობაში უშლის ხელს. მათ შორის არის სამკერვალო სექტორი. მისივე თქმით, ეს ქვეყნის პრესტიჟზეც ცუდად აისახება.
,,ჩემი ნება რომ იყოს ავკრძალავდი მეორადი ტანსაცმლის შემოტანას. კარგია იაფიანი ტანსაცმელი, მაგრამ საბოლოოდ, მაინც ამუხრუჭებს ეკონომიკას. არ არის ქვეყნისთვის პრესტიჟული. სოციალურად გაჭირვებულს უნდა ჰქონდეს ასეთი მაღაზიის გახსნის უფლება. ეს იქნებოდა სწორი. თვითონ სახელმწიფომ უნდა შემოიტანოს მეორადი და სოციალურად გაჭირვებულებს დაურიგოს. საბოლოოდ, ეს არ არის ეკონომიკისთვის კარგი. ამუხრუჭებს ეკონომიკას და ბევრ რამეს აფუჭებს.’’- აცხადებს საწყობის ,,Las Impex’’-ის წარმომადგენელი.
