„ჯინო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი ნოდარ გიორგაძე ამბობს, რომ მიმდინარე წელს აკვაპარკსა და სასტუმროებში ევროპელი ტურისტების რაოდენობა შემცირდა, საპირისპიროდ არაბული ქვეყნებისა და ჩინეთის მოქალაქეების რაოდენობა გაიზარდა. ამის შესახებ გიორგაძემ გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა.
“ჯინო ჰოლდინგი” საქართველოში ისეთ პროექტებს აერთიანებს, როგორიცაა “ჯინო აკვაპარკი”, 5 ვარსკვლავიანი მულტიფუნქციური სასტუმრო კომპლექსი Gino Seaside Tbilisi, ასევე სასტუმროები Gino Wellnes Mtskheta, Gino Wellnes Rabath, Gino Sunrise Batumi.
სლოვაკურ-ქართული ჰოლდინგის დამფუძნებელი აკვაპარკის დატვირთულობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ დამსვენებელთა დიდი ნაწილი ადგილობრივები არიან. უცხოელი ვიზიტორების გეოგრაფია კი, წელს მნიშვნელოვნად შეცვლილია.
„ყოველწლიურად აკვაპარკის ვიზიტორთა რაოდენობა 20-25%-ით იზრდება. ვიზიტორების 80% ადგილობრივი დამსვენებლები არიან. რაც შეეხება დანარჩენ 20%-ს, აქ შეიცვალა – ადრე თუ ევროპელი ვიზიტორების წილი 10-12% იყო, ახლა 5%-ია, დსთ-ის ქვეყნებიდან სტუმრების რაოდენობა კვლავ 5%-ზეა შენარჩუნებული, ხოლო ევროპელების კლების პარალელურად, მოიმატა თურქეთის, არაბული სამყაროს, ირანისა და ჩინეთის მოქალაქეების რაოდენობამ“, – აღნიშნა ნოდარ გიორგაძემ და დასძინა, რომ „სამწუხაროდ, ევროპელი ტურისტების რაოდენობა შემცირდა, რადგან ევროპაში ყველგან საქართველოს შესახებ ცუდი ინფორმაციები ტრიალებდა. ამან არ შეიძლება გავლენა არ იქონიოს ტურიზმზე“.
რაც შეეხება GINO-ს ბრენდის სასტუმროებს, ჰოლდინგის დამფუძნებელი რამდენიმე მათგანზე ამახვილებს ყურადღებას: „დღეისთვის Gino Seaside Tbilisi-ს დატვირთულობა 98%, ხოლო საშუალო თვიური დატვირთვა 96%-ია, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია.
Gino Wellnes Rabath-ში დაახლოებით ის დატვირთვაა, რაც პანდემიამდე იყო, მცხეთაშიც დაახლოებით იგივე მდგომარეობაა, რადგან მცხეთაში ტურისტები არ ჩერდებიან, ათვალიერებენ, სტუმრობენ რესტორანს და ტკბებიან სასტუმროდან არსებული პანორამული ხედებით და ბრუნდებიან“, – აღნიშნა ნოდარ გიორგაძემ.
