ევროკავშირმა სატრანსპორტო პროექტების მასშტაბური დაფინანსების შესახებ დაანონსა – საქართველო დაფინანსების მიღმა დარჩა – „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“

ევროკავშირმა სატრანსპორტო პროექტების მასშტაბური დაფინანსების შესახებ დაანონსა – საქართველო დაფინანსების მიღმა დარჩა – „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“
„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ ინფორმაციით ევროკავშირი საქართველოში სატრანსპორტო პროექტებს არ დააფინანსებს. მათივე ცნობით, დაფინანსება უკრაინის და მოლდოვის ჩათვლით ევროკავშირის ყველა სახელმწიფოზე გადანაწილდება, თუმცა მათ შორის საქართველო არ მოხვდა.
,,სახელმწიფოთა ჩამონათვალში არ ფიგურირებს საქართველო, ბუნებრივია იმ ვითარებაში, როცა ქვეყნის ინფრასტრუქტურა მოითხოვს სისტემურ განახლებას და ევროკავშირთან სატრანსპორტო კავშირებადობის გაუმჯობესებას – ევროკავშირის მასშტაბური საგრანტო დაფინანსების საქართველოს გარეშე გადანაწილება, კიდევ ერთ გაშვებულ შესაძლებლობად უნდა იქნეს განხილული.”- აცხადებენ „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში“.
კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, ტრანსპორტის მობილურობის და კავშირებადობის გაუმჯობესებისათვის ევროკავშირმა 94 სატრანსპორტო პროექტი შეარჩია, რომლებზეც Connecting Europe Facility (CEF) ფონდის ფარგლებში, გრანტის სახით ჯამურად 2.8 მილიარდი ევრო დაიხარჯება.
,,ტრანსპორტის სფეროში 2021-2027 წლების CEF პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 25.8 მილიარდ ევროს შეადგენს. დაფინანსება ხელმისაწვდომია პროექტებისთვის ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში, ასევე სა და მოლდოვისთვის.
2014 წლიდან, Connecting Europe Facility (CEF) ფონდის დაარსებიდან, ტრანსპორტის სექტორში მხარი დაეჭირა 1861 პროექტს (მათ შორის 94 მიმდინარე პროექტს), რომელთა საერთო ღირებულება 47.34 მილიარდ ევროს შეადგენს.
ახალი პროექტების პაკეტის დაფინანსება მიმართული იქნება ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის TEN-T ფარგლებში რკინიგზების, შიდა სამდინარო წყლების და საზღვაო მარშრუტების კავშირებადობის გაუმჯობესებისკენ.”- აღნიშნულია „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, მასშტაბური პროექტების განხორციელებას „მწვანე“ ეკონომიკის განვითარება უდევს საფუძვლად, სადაც აქცენტი სარკინიგზო ტრანსპორტზეა გადატანილი. მათივე განცხადებით, მთლიანი თანხის 77% რკინიგზის ტრანსპორტზე მოდის, ინვესტიციები კი ტრანსევროპული სარკინიგზო ქსელების ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია – განახლებაზე და ჩქაროსნული მოძრაობის განვითარებაზე იქნება მიმართული. კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, ფინანსები პრიორიტეტულად მიმართული იქნება ბალტიის ქვეყნებში და პოლონეთში Rail Baltica ს სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობისკენ, ასევე ჩეხეთსა და პოლონეთში ჩქაროსნული რკინიგზების განვითარებისკენ.