მოსკოვსა და კიევს სამშვიდობო ხელშეკრულებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მემორანდუმის ერთიანი ტექსტის შემუშავების კუთხით რთული კონტაქტები ელოდებათ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„პროექტები ფორმულირდება როგორც რუსული, ასევე უკრაინული მხარის მიერ, მოხდება ამ დოკუმენტების პროექტების გაცვლა, შემდეგ კი იქნება რთული კონტაქტები ერთიანი ტექსტის შესამუშავებლად. ვადები არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს. ცხადია, ყველას სურს ამის რაც შეიძლება სწრაფად გაკეთება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეშმაკი დეტალებშია“, – განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს ესაუბრა. ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა უკრაინასთან მემორანდუმზე მუშაობისთვის, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ.
