“დეკემბრის გეგმებს 20-30%-ით ჩამოვრჩით” – ICR ჯგუფი 2024 წელს აჯამებს

ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, კახა ხაზარაძე 2024 წელს აფასებს და ამბობს, რომ საბოლოო ჯამში, კარგი წელი იყო, თუმცა, მისივე თქმით, კომპანია დეკემბერში გეგმას 20-30%-ით ჩამორჩა. როგორც მან BM.GE-სთან ინტერვიუში აღნიშნა, მისი პროგნოზით, 2025 წელი საკმაოდ რთული წელი იქნება, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას.
„2024 წლის სამი კვარტალი კარგად ვიარეთ, არ იყო ცუდი წელი 2023 წელთან შედარებით. თუმცა, დეკემბერი პრობლემატური თვე იყო. დეკემბრის გეგმებს 20-30%-ით ჩამოვრჩით, მაგრამ წინსწრება გვქონდა და შესაბამისად, წელი მაინც კარგი გამოგვივიდა.
2025 წელი კი, საკმაოდ რთული წელი იქნება, ბევრი გამოწვევიდან გამომდინარე. ქვეყანაში შიდა პოლიტიკური კრიზისია, რაც ეკონომიკურ კრიზისს იწვევს, რომელიც პრინციპში დეკემბერში დაიწყო და ისეთ სექტორებს შეეხო, როგორიცაა ტურიზმი, ჰორეკა სექტორი და წილობრივად, ჩვენც მოგვწვდა“ , – ამბობს ხაზარაძე.
მისი თქმით, ქვეყანაში არსებულ კრიზისს, სახელმწიფო მოხელეების დასანქციებით გამოწვეული პრობლემებიც ემატება.
„მოლოდინია, რომ ეს სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდება. პარალელურად, ევროინტეგრაციის პროცესი გაყინულია. ფინანსური დახმარებები საქართველოს ალბათ 2025-ში ძალიან ცოტა ექნება. ინვესტიციებს არ ველოდებით. ეს პოლიტიკური კრიზისი ეკონომიკურ კრიზისში გადაიზრდება.
ჩვენ თვითკმარი ქვეყანა არ ვართ. იცით, რომ იმპორტი გვაქვს 2/3, ხოლო ექსპორტი 1/3, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა ბოლო 30 წელია დამოკიდებულია ძირითადად ევროპულ და ამერიკულ ფინანსურ ინსტიტუტებზე. შესაბამისად, სურათი კარგი არ გველოდება“, – ამბობს ბიზნესმენი.