“დედა-შვილი” – ლანა ღოღობერიძის ბოლო ფილმს ბერლინალეზე აჩვენებენ

ფესტივალის პროგრამა სრულად ცნობილი ჯერ არ არის.
“სიდიადე შეხამებული მოკრძალებულობასთან: მსოფლიოში აღიარებული რეჟისორი დედამისს იხსენებს – ნუცას, რომელიც თავის მხრივ პირველი რეჟისორი ქალი იყო საქართველოში. ეს არის ფემინისტური, მოსიყვარულე, ძალადობისადმი კრიტიკული კინომემკვიდრეობა იმის შესახებ, როგორ დარჩე ადამიანად ბნელ დროში”, – მითითებულია ბერლინალეს ოფიციალურ ვებგვერდზე, ლანა ღოღობერიძის ფილმის გასწვრივ.
ნუცა ღოღობერიძე 25 წლის ასაკში გახდა პირველი რეჟისორი ქალი საქართველოში და მხატვრული ფილმების დამდგმელი პირველი ქალი საბჭოთა კავშირში. თუმცა სულ სამი ფილმის გადაღება მოასწრო. 1937 წელს ქმრის დახვრეტის შემდეგ, მას ყველა შესაძლებლობა მოესპო, რომ კინოში ემუშავა. 1937 წლის ბოლოს ისიც დააპატიმრეს და 10 წლით გადაასახლეს. ჯერ საკონცენტრაციო ბანაკში “პოტმა”, შემდეგ ვორკუტის ქალთა საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც თავშეყრილი იყო ათასობით ქალი, სახელწოდებით “ჩესერი” (член cемьиизменника рoдины). ასე მოიხსენიებდნენ “ხალხის მტრების” ცოლებს, რომელთაც სასამართლოს განაჩენის გარეშე აპატიმრებდნენ. საქართველოში 10 წლის შემდეგ დაბრუნებულ ნუცას კინოში მუშაობის გაგრძელება აღარ უცდია.
ნუცა ღოღობერიძე დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორია ფილმებისა “უჟმური” (1934), “ბუბა” (1930).
ლანა ღოღობერიძის ფილმები საერთაშორისო ფესტივალებზე არაერთხელ მოხვედრილა. მათ შორის, კანის, ვენეციის, ტოკიოს ფესტივალებზე. 1984 წელს ლანა ღოღობერიძე ბერლინალეს ფესტივალის ჟიურის წევრიც იყო.