დაპირებები, რომლებიც ბათუმში ვერ/არ შესრულდა

ბათუმის მერია არ პასუხობს კითხვას, რატომ არ იწყება ადლიაში მოქმედი უკანონო, არასტანდარტული ნაგავსაყარის დახურვა. არადა, მთავრობის ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში ახალი, სტანდარტული ნაგავსაყარის მშენებლობა-გამართვა დასრულებულია, თუმცა ის ჯერ არ გაუხსნიათ.
მთავრობის დაპირებით, ახალი ნაგავსაყარის ამოქმედებისთანავე უნდა დაწყებულიყო ს არსებული ნაგავსაყარის გაუქმება ადლიაში, ასევე, უნდა გაუქმდეს ქობულეთის ძველი ნაგავსაყარიც.
წლების წინ ბათუმის ახალი ნაგავსაყარის მოსაწყობად 7 მილიონი ევრო სესხი და გრანტი გამოიყო. აქედან 3 მილიონი ევრო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის [EBRD] სესხი, ხოლო 4 მილიონი ევრო შვედეთის სახელმწიფოს გრანტია.
აჭარის მყარი ნარჩენების პროექტზე მუშაობა 2010 წელს დაიწყო. პროექტს შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია“ [ყოფილი შპს „ჰიგიენა 2009“] ახორციელებს, რომლის 100% წილის მფლობელი აჭარის მთავრობა.
ახალი ნაგავსაყარი ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში ააშენეს, პროექტი 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, გადავადების მიზეზად, ძირითადად, პანდემია დასახელდა. შემდეგ დასრულების თარიღად 2022 წლის ივნისი, შემდეგ კი, 2022 წლის ბოლო დაასახელეს, თუმცა მისი გახსნა აჭარის მთავრობამ ამ დრომდე ვერ მოახერხა. სესხის და გრანტის აუთვისებლობის გამო კი, წლების განმავლობაში ბიუჯეტიდან ვალდებულების საკომისიოს იხდიდნენ.
· წყალარინების პროექტი
პერიოდულად ბათუმის ახალ ბულვარში მცხოვრებლებს კანალიზაციის სუნი აწუხებთ. როგორც აქ ამბობენ, სუნი განსაკუთრებით მძაფრია წვიმიანი ამინდების შემდეგ. რიგ შემთხვევებში ამას ემატება ისიც, რომ ახალაშენებული კორპუსების სარდაფებში წყალი დგება და სწრაფად თუ არ ამოტუმბეს, ჭაობდება.
ბათუმის გარეუბნებში აშენებული მაღალსართულიანი კორპუსების უმეტესობა საკანალიზაციო სისტემაზე დაერთებული არ არის და ე.წ. შამბოებზეა დამაგრებული, თუმცა ამ შამბოების მომსახურებაც ვერ ხდება ეფექტურად, რაც დამატებითი გამოწვევაა ქალაქისთვის.
ხუთი წლის წინ ბათუმის მერიაში აცხადებდნენ, რომ გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკთან [KFW] წინასწარი მოლაპარაკებით, ბანკი დამატებით 60 მილიონამდე ევროს გამოყოფდა, რომელიც ძირითადად შემოერთებულ ტერიტორიებს ადლიას, აეროპორტის დასახლებას, კახაბერს, ხელვაჩაურს, მეჯინისწყალს, მახინჯაურს და მწვანე კონცხს უნდა მოხმარებოდა.
„ამ დასახლებებში მთლიანად მოეწყობა საკანალიზაციო ქსელი. ამავე პროექტის ფარგლებში იგეგმება ადლიის გამწმენდი ნაგებობის გაფართოება“, – ასეთი იყო დაპირება.
გერმანულმა ბანკმა მეხუთე ფაზისთვის სესხი [53 მილიონი ევრო] გამოყო, თუმცა ეს თანხა, მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მწვანე კონცხსა და მახინჯაურში წყალკანალის სისტემის მოსაწყობად საკმარისი არ აღმოჩნდა.
ბათუმის მერიაში კი წინასაარჩევნოდ ამ დასახლებებში წყლის სისტემის მოწყობაზე 16 მილიონი ლარით გამოაცხადეს ტენდერი, რომელიც წყალარინების ანუ საკანალიზაციო სისტემის მოწყობას არ ითვალისწინებს.
ქალაქის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მწვანე კონცხსა და მახინჯაურში საკანალიზაციო სისტემების მოწყობა, სავარაუდოდ, მე-6 ფაზაში განიხილება.
· მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა
მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით სხვადასხვა პროგრამასა თუ თავშესაფრის [ძაღლთსაშენის] მშენებლობას მერია უკვე რამდენიმე წელია აანონსებს. თუმცა, უშედეგოდ.
2020 წლის თებერვალში ბათუმის ყოფილი, მერი ლაშა კომახიძე იწყებდა საპილოტე პროგრამა „კუპატას“. პროექტის მიხედვით, რომელიც ყოფილმა მერმა დააანონსა, პირს ან ოჯახს, რომელიც ქალაქიდან აღრიცხულ უპატრონო ძაღლს აიყვანდა და მას შესაბამის პირობებში მოუვლიდა, წელიწადში 720 ლარი უნდა მიეღო. მერია ამ პროგრამით ქალაქში უპატრონო ძაღლების პრობლემის გადაჭრას გეგმავდა, თუმცა პროგრამა არ დაწყებულა.
2020 წელს კი აჭარაში დააანონსეს ჩაქვში მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრის მშენებლობა და სარეკრეაციო სივრცის მოწყობა.
„გამოვდივარ ინიციატივით, რომ ცხოველთა ახალი თავშესაფარი ატარებდეს ყველაზე პოპულარული ჩვენი ოთხფეხა მეგობრის „კუპატას“ სახელს…“ – განაცხადა მაშინ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ.
2021 წელს მერიამ კერძო კომპანიასთან 12 788 480 ლარზე ხელშეკრულებაც გააფორმა დაპროექტებასა და მშენებლობაზე, თუმცა ეს ხელშეკრულება შეწყვიტა და ხელახალი ტენდერი უკვე მხოლოდ პროექტირებაზე გამოაცხადა.
მერიის სამმართველომ შერჩევა-შეფასების ეტაპზე პროექტირების ტენდერიც შეწყვიტა, რომელიც 700 ათასი ლარით იყო გამოცხადებული. ერთ-ერთი პრეტენდენტი მერიას პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებას 490 ათას ლარად სთავაზობდა.
ხელახალი ტენდერი სამმართველომ ისევ 700 ათასი ლარით გამოაცხადა. საბოლოოდ ხელშეკრულება დეტალურ პროექტირებაზე შპს „აჭარკაპმშენთან“ მერიის სამმართველომ 587 ათას ლარზე გააფორმა.
ჩაქვში ძაღლების თავშესაფრის [ასევე პოლიგონის და სხვა ინფრასტრუქტურის] აშენებაზე 32,9 მილიონი ლარით ხელახალი ტენდერი 2023 წელში გამოაცხადეს. თუმცა, ის სამმართველოს სატენდერო კომისიამ შეწყვიტა. ოქმში აღნიშნული იყო, რომ საპროექტო დოკუმენტაცია საჭიროებდა დაზუსტებას [წინა ტენდერი კი არ შედგა, რადგან მასში მონაწილეობა არავინ მიიღო].
2025 წლის ივლისის ბოლოს [„ოცნების“ მიერ ჩანიშნული 4 ოქტომბრის ადგილობრივი ს წინ] ბათუმის მერიას კიდევ ერთხელ „გაახსენდა“ მიუსაფარი ძაღლები და ჩაქვში თავშესაფრის მშენებლობისთვის ამჯერად 1 მილიონი ლარი გაწერეს ქალაქის ბიუჯეტში.
მერიამ განმარტებაც დაურთო, რომ „ჩაქვის ტერიტორიაზე, მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსის მოწყობა, მრავალწლიანი პროექტია [2025-2026 წწ.], რომლის საერთო ღირებულება შეადგენს 14 მილიონ ლარს“, თუმცა უშუალოდ ეს პროგრამა 2025 წლის ბიუჯეტის პროგრამების ჩამონათვალში არ არის.
· ბათუმის გენგეგმა
„ბათუმს ისევ არ აქვს გენგეგმა“ – უკვე გაცვეთილი ფრაზაა. ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმის მომზადება-დამტკიცება იმ დაპირებების ჩამონათვალშია, რომელიც გასცა წინა არჩეულმა მერმა, იმის წინა არჩეულმა და იმის წინამაც. თუმცა, უშედეგოდ.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ბათუმის გენგეგმის მომზადებას ამომრჩეველს 11 წელია, ანუ 2014 წლიდან ჰპირდება. ამ პერიოდში უკვე სამი მერი და ერთი მოვალეობის შემსრულებელი გამოცვალეს. ყველა მათგანის წინასაარჩევნო დაპირება ბათუმის გენგეგმის მომზადება იყო.
ამ წლებში, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, პარლამენტმა ახალი სამშენებლო კოდექსი დაამტკიცა. მაშინ ბათუმის ქაოსური განაშენიანებით შეწუხებულ მოქალაქეებს გაუჩნდათ განცდა, რომ მერია მშენებლობის ნებართვების გაცემას მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. მალევე საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილება კანონში ბათუმისთვის, რამაც ბათუმის მერს „ავარიული სახლების“ პროგრამის ფარგლებში სამშენებლო ნებართვის გაცემისას კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების გვერდის ავლის შესაძლებლობა მისცა.
გარდა ამისა, პარლამენტმა ბათუმში უკანონოდ აშენებული შენობების დაკანონების მიზნით სამშენებლო კოდექსში ცვლილების პროექტი განიხილა და დაამტკიცა.
წლების განმავლობაში შეუსრულებელი დაპირება კიდევ ბევრია. მათ შორის არის „ღამის თავშესაფრის მშენებლობა“ ბათუმში, რომელიც მერიამ დაიწყო და ჯერ არ დაუსრულებია.
· ძველი ბათუმის ეზოების გადარჩენის პროექტი
ძველი ბათუმის ეზოების გადარჩენა მათი მფლობელების ეკონომიკური გაძლიერებით, ბათუმის ყოფილი მერის, ლაშა კომახიძის იდეა იყო. მერიას ამ ეზოების ეკონომიკური პოტენციალი უნდა შეესწავლა, შემდეგ კი პროექტების წარდგენაზე გამოეცხადებინა კონკურსი ძველ ბათუმში მდებარე ეზოების კომერციულ დატვირთვაზე, რომლებსაც 10-10 ათასი ლარით დააფინანსებდა.
მაშინ ამ პროექტმა ძეგლების დამცველების მოწონებაც დაიმსახურა, თუმცა მერიამ მის შესრულებას, როგორც ბევრ სხვა პროექტს, თავი ვერ მოაბა. ეზოები შეარჩიეს, თუმცა მხოლოდ 2 ეზო დააფინანსეს. ამის შემდეგ პროგრამა არ გაგრძელებულა
წყარო: batumelebi.netgazeti.ge