დავით სონღულაშვილი ნიცაში, გაეროს მაღალი დონის კონფერენციაზე, სხვადასხვა ქვეყნის კოლეგა მინისტრებს და მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდა – რაზე ისაუბრეს?
ქალაქ ნიცაში მიმდინარე გაეროს კონფერენცია გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა გახსნა – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„კონფერენციის მონაწილეებს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოსტამ და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიმართეს.
კონფერენციას 100-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი, გარემოს დაცვის მინისტრი და სხვა მაღალი თანამდებობის პირი ესწრება.
კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი მონაწილე ქვეყნების მაღალი თანამდებობის პირებს: ფინეთის კლიმატისა და გარემოს დაცვის მინისტრს სარი მულთალას, ისლანდიის გარემოს დაცვის, ენერგეტიკისა და კლიმატის მინისტრს იოჰან პოლ იოჰანსონს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალურ დირექტორს კუ დონჟუს, პარიზის მერს ანნ იდალგოს, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო კომიტეტის პრეზიდენტს ბრუნო ფუქსის შეხვდა.
კონფერენციაზე განიხილება კლიმატის ცვლილებების ზეგავლენის შემცირების, ბიომრავალფეროვნების დაცვის, პლასტიკით გარემოს დაბინძურების პრევენციის და საზღვაო გარემოსა და რესურსების დაცვის ერთიანი მიდგომების საკითხები.
ქალაქ ნიცაში, გაეროს მდგრადი განვითარების მე-14 მიზნის განხორციელებასთან დაკავშირებულ კონფერენციაში: „მდგრადი განვითარების მიზნებისთვის, ოკეანეების, ზღვების და საზღვაო რესურსების დაცვა და მდგრადი გამოყენება“, მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად, მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი მონაწილეობს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
