“გუშინ ოფიციალურად წამოვედი “ლიტერატურის მუზეუმიდან”. მიზეზი ბევრია, თუმცა მხოლოდ მთავარს შევეხები.
შაბათს მუზეუმში დანიშნეს კრება, რომლის მთავარი საკითხი ჩემი ბოლო ფეისბუკ პოსტი გამოდგა. თურმე, არ არის მიზანშეწონილი ვახსენო პოსტში, რომ ვარ მუზეუმის თანამშრომელი და როგორც სახელმწიფო მუზეუმის თანამშრომელს მაქვს უკმაყოფილება რიგ საკითხებთან დაკავშირებით.
ასევე, “გოიმობაა” მუზეუმის თანამშრომლების ხელფასების შედარება ჩანთის საფასურთან და დაკონკრეტების გარეშე სიტყვათშეთანხმება “დამსმენების შვილების”, როგორც ალეგორიის, გამოყენება.
წინა პოსტში ჩემ მიერ ნახსენებ “გურამ რჩეულიშვილის საიუბილეო გამოფენასთან” დაკავშირებით კი აღმოჩნდა, რომ ზედმეტი მომსვლია. როგორც მითხრეს, ჩემს წინა პოსტში დაახლოებით ასეთი შეტყობინება იკითხებოდა: მე რომ არა, ამ გამოფენაზე არავინ მოვიდოდა, მე მომყავს სულ ხალხი გამოფენებზე. თუ მართლა ასე გამომივიდა, ბოდიშს ვიხდი. თუმცა ცოტა წვლილი არ მაქვს არც მაგ გამოფენის მოწყობაში(ფიზიკურად) და არც მუზეუმის პოპულარიზაციაში. რეალურად პოსტის ამ ნაწილში მთავარი აქცენტი იყო იმაზე, რომ ხშირ შემთხვევაში ადამიანები, რომლებიც ვიღაცის სახელობის პრემიას აწესებენ ისე, რომ მასთან არანაირი ზნეობრივი კავშირი არ აქვთ, სინამდვილეში მხოლოდ მის სახელს ეფარებიან.
ამ საკითხებზე რომ ვისაუბრეთ, შემდეგ სხვა თანამშრომლებსაც მიეცათ თავიანთი აზრის გამოხატვის უფლება. თითქმის ერთხმად გადაწყდა, რომ არ შეიძლება ასეთი ტიპის პოსტის დაწერა, მითუმეტეს მაშინ, როცა მუზეუმის რესტავრაციის საკითხი დგას სახელმწიფო დღის წესრიგში. როგორც მივხვდი, ამით ხელს ვუშლი მუზეუმის განვითარებას, რადგან შეიძლება ვიღაც განაწყენდეს და სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაციაზე, ხაზს ვუსვამ – სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაციაზე, რომელიც ღმერთმა უწყის როდის ჩამოიშლება, უარი თქვას.
რამდენიმემ ისიც აღნიშნა, რომ ხელფასი არ არის მნიშვნელოვანი და ეტყობა “ლიტერატურის მუზეუმი” მათსავით არ მიყვარს. მე, რომლის ძირითადი შემოსავალი წლების მიხედვით 387 ლარიდან 561 ლარამდე მერყეობდა(561 ისიც იმიტომ, რომ ბოლოს საგამომცემლო განყოფილების გამგე ვიყავი), არასდროს ვინმესთვის ექსკურსიაში ფული არ გამომირთმევია, მეგობრებთან ერთად “ბუკინისტური წიგნების გამოფენა-გაყიდვა” ნული დაფინანსებით მოვაწყვე, მუზეუმის ყველა გამოფენა, რომელსაც აქ მუშაობის პერიოდში მოვესწარი დასურათებულ-დაკონსპექტებული მაქვს, 4 წლის წინ მშენებლობის ინჟინერის დიპლომი თაროზე შემოვდე, სტაჟირებაზე უარი ვთქვი, რადგან ლიტერატურათმცოდნეობის ბაკალავრზე ჩამებარებინა, სამსახურიდან რამდენჯერაც მცირე შვებულება ვითხოვე, იმდენჯერ მხოლოდ ლიტერატურულ კონკურსზე ვიყავი წასული, მეუბნებიან, რომ ჩემთვის ხელფასი უფრო მნიშვნელოვანი ყოფილა, ვიდრე ლიტერატურული საქმიანობა.
ხელფასი და პირობები თუ არ მოგწონს სამსახურის დატოვებაც შეგიძლია თურმე. თქვე ოჯახაშენებულებო, კერძო პირთან ხომ არ ვმუშაობ თუ არ მომწონს ავდგე და წამოვიდე?! სახელმწიფო სამსახური ეკუთვნის სახელმწიფოს, სახელმწიფო – ხალხს, შესაბამისად თუ რამე არ მოგწონს, პირველ რიგში სახელმწიფო სამსახურია ის ადგილი, სადაც პროტესტი უნდა გამოხატო.
ამ ყველაფერს არ დავწერდი, რადგან ვიცი, რომ ამით ლიტერატურის მუზეუმთან დიდი ხნით ვწყვეტ კავშირს, არც თანამშრომლებს მოეწონებათ ეს პოსტი და დღის წესრიგში ამ პოსტის განხილვას ჩასვამენ, თუმცა როგორც არისტოტელემ თქვა: “Amicus Plato, sed magis amica veritas”. საჭიროა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. ლიტერატურის მუზეუმის რესტავრაცია თუ გადადეს, შეიძლება ეგეც მე დამაბრალოს მავანმა, არც ეგ გამიკვირდება.
აქვე დავაზუსტებ, რომ სამსახურიდან არავის გავუთავისუფლებივარ, არც ვინმეს ღიად მოუწოდებია ამისკენ, უბრალოდ სამსახურში, რომელშიც ნათელი სხივი აღარ არის და იქ მუშაობით საკუთარ თავს უფრო ანადგურებ, ვიდრე ვინმეს რგებ, ჯობია ჩამოშორდე. მითუმეტეს ასეთი კრების შემდეგ. თავის გატანა არ გამიჭირდება რამენაირად )) არც ის იფიქროთ, რომ ამ პოსტს დაჩაგრულის პოზიციიდან ვწერ :დ ყველაფარი დეტალურად ვთქვი კრებაზე, რისი თქმაც ოდესმე მსურდა, ყოვლეგვარი შეურაცხყოფისა და გადაჭარბების გარეშე.
მთელი ცხოვრება მემახსოვრება თანამშრომლების “სახეები”, რომლებიც კრებაზე ვნახე. მათგან ნახევარს წაკითხულიც კი არ ჰქონდა ჩემი პოსტი, თუმცა მხარს უჭერდნენ და ეთანხმებოდნენ კრებაზე გამოთქმულ მოსაზრებებს. შუა დისკუსიისას რამდენჯერმე გაჟღერდა მოსაზრება, რომ ჩემი პოსტი ამოებეჭდათ და კრებაზე ხმამაღლა წაეკითხათ, რაც საბოლოოდ გადაიფიქრეს 

სამსახურში, რომელშიც ვცდილობდი, რომ მაქსიმალურად თავშეკავებული, გულისხმიერი და კოლეგიალური ვყოფილიყავი, ერთ შაბათ დღეს აღმოვაჩინე, რომ დერეფანში მარტორქები დარბოდნენ. ცოტა უცნაური გრძნობა იყო, ამიტომ დიდხანს აღარ გავჩერებულვარ, გამოსვლისას რამდენიმე ადამიანი ვიპოვე, დავემშვიდობე და მალევე წამოვედი.
P.S.
რატომღაც კრებაზე ჩემი პოსტის(რომლის ირგვლივაც მოეწყო მთელი კრება) ბოლო აბზაცს არავინ შეხებია. მხოლოდ პოსტის სხვა დეტალები განიხილეს დეტალურად.
P.P.S.
კინაღამ დამავიწყდა, კრებამდე ითქვა, ტელეფონები არ შემოიტანოთ ოთახშიო. ერთ-ერთი თანამშრომელი იწერდა კრების დეტალებს ფურცელზე კალმით,” – წერს სოციალურ ქსელში ლიტერატურათმცოდნე, გოგა გუგავა.