გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: “ესვეერ-ის სტოპპირიოდ”-ი, ანუ მერსედესიდან მოსკვიჩში

მიხეილ სააკაშვილმა იცის ხოლმე ხშირად თქმა: 2012 წელს ოცნებას საათივით მოწიკწიკე, საწვავით სავსე, დაქოქილი მერსედესი დავუტოვეთო. ამ საათივით წიკწიკში დემოკრატიის “პერებოის” ხმა შეიძლება შემაშფოთებლად და არასასიამოვნოდ ისმოდა, მაგრამ იმის უარყოფა ნამდვილად არ შეიძლება, რომ მართლაც მერსედესივით აწყობილი სახელმწიფო ბიუროკრატიული მანქანა, სავსე საბიუჯეტო რესურსებით და საინვესტიციო ბუმით ერთმნიშვნელოვნად დასავლეთისკენ მიემართებოდა.
დღეს გერმანიის ელჩი გვეუბნება, რომ ჩიხში ვართ და გაკვირვებას გამოთქვამს: რატომ ამბობს უარს საქართველოს მთავრობა ევროკავშირისკენ მერსედესით მგზავრობაზე, რატომ გადაჯდა მოსკვიჩში, რომლის მომსახურება-სერვისი მხოლოდ კრემლის “ხელოსნებმა” იციან.
ს საგარეო დაზვერვა რუსეთის მოქმედ სპეცსამსახურებში კვალიფიკაციით და გავლენით სხვებზე ერთი საფეხურით მაღლა მდგომი ორგანიზაციაა. როდესაც უწყება განცხადებას ავრცელებს, როგორც წესი, იკითხება რუსეთის ფედერაციის არა მხოლოდ პოზიცია მომენტში, არამედ გეგმებიც.
თუ ამ განცხადების შინაარსს ხმამაღლა წაიკითხავთ, სმენითი ინტელექტითაც კი ადვილად აღიქვამთ, რამდენად ზუსტი დამთხვევაა ქართველი სპიკერების განცხადებების შინაარსთან და სინქტაქსთანაც კი. უფრო სწორედ პირიქით, ოცნების მიერ წარმოთქმული ტექსტები, როგორ ერთი ერთში ემთხვევა “ესვეერ”-ის ვერსიას. მე პირადად, ძალიან მომბეზრდა და თქვენი, ანუ ჩემი მაყურებლის ინტელექტის შეურაცხყოფად მიმაჩნია, კიდევ ერთხელ გავიმეორო მაგალითები იმისა, თუ რამდენად ემთხვევა კობახიძის, მდინარაძის პაპუაშვილის, ვოლსკის, თავად ს ტექსტები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, დუმის და ამ შემთხვევაში, უკვე რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადებების არა მხოლოდ პათოსს, არამედ შინაარსს და ვიმეორებ სინტაქსსაც კი.
ანუ, ყოველგვარი ინტერპრეტაციის გარეშე, რუსეთის საგარეო დაზვერვა და საქართველოს ხელისუფლება ერთ ხმაში ადანაშაულებენ ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში. ჩვენი მთავრობა კიდევ უფრო წინ არის წასული და აზუსტებს, რომ ორ ასეთ მცდელობას უკვე ჰქონდა ადგილი.
რასაც ამ განცხადებით რუსეთის საგარეო დაზვერვა აკეთებს მათსავე ენაზე “სტოპპირიოდის” დაჭერას ნიშნავს.
ხედავს რა ელექტორალური წარუმატებლობის გარდაუვალ პერსპექტივას ქართული ოცნებისთვის, მოსკოვი ცდილობს, გაამყაროს ვერსია, რომ ეს ყველაფერი ქართველი ხალხის მიერ ოცნების ღია რუსული პოლიტიკის გატარების მცდელობაზე რეაქცია კი არ არის, არამედ, ვაშინგტონიდან ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების გეგმის ნაწილი, რომლითაც ხდება “პატრიოტი” ქართული ხელისუფლების მიზანმიმართული დისკრედიტაცია და ყველა რესურსის ამოქმედება რევოლუციური სცენარის წარმატებისთვის.
განცხადებაში ს პერსონალურად მონიშვნაც არ არის შემთხვევითი. რადგან პრეზიდენტი რჩება ერთადერთ კონსტიტუციურ ფიგურად იმ მომენტში, როდესაც როგორც ამბობენ “ძალაუფლება ჰაერშია” და ეს არის არჩევნების მომენტი. მის მიერ მოვალეობის პირნათლად შესრულებაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საქართველოში არჩევნების შედეგების ლეგიტიმურად ცნობის და პროცესების კონსტიტუციურ ფარგლებში წარსამართავად.
რუსეთმა იცის, რომ ქართული ოცნების ძალაუფლება რეალური საფრთხის ქვეშ დგას. რაც ავტომატურად უქმნის საფრთხეს რუსეთის გავლენებს საქართველოში და შეგვიძლია ვთქვათ რეგიონში. ეძებს გამოსავალს. გამოსავალი, სამწუხაროდ, უკვე აპრობირებული და ქართული ოცნების მიერ წლების განმავლობაში ღრმად პროპაგანდირებადი ომის მოლოდინსა და შიშზე კაპიტალიზებაა.
ესვეერ-ის განცხადება სიგნალია ქართული საზოგადოების განწყობებით მანიპულირებისთვის, საკვები ივანიშვილის რუსული პროპაგანდისთვის ადგილზე, რომ გაღვივდეს განცდა და მოლოდინი: რა ტიპის საფრთხეები შეიძლება გაუჩნდეს ქვეყანას მოსკოვიდან. შესაბამისად, კვლავ დაიბადოს, ან გამყარდეს ცვლილებების შიში და ვითარების გართულების საპირწონედ საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა არჩიოს არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნება, ანუ რუსული გავლენის ქვეშ ილუზორული სტაბილურობის პირობებში ცხოვრება.
სინამდვილეში, რომ არა ჩვენივე სახელმწიფო რესურსების ოცნების ბოროტად გამოყენება, რუსული გავლენების რესურსი საქართველოში ძალიან შეზღუდულია. რაც მთავარია ჩვენ გვყავს მოსახლეობა, რომლის 90 პროცენტსაც ევროკავშირში გაწევრიანება სწადია და ამდენივეს პუტინის რუსეთი არათუ საქართველოს, ცივილიზაციის მთავარ საფრთხედ მიაჩნია.
ამ განწყობითი რეალობის – პოლიტიკურ რეალობაში ასახვას შეუძლებელია წინ რამე დაუდგეს. იქნება ეს ივანიშვილის მარიონეტული მთავრობა, თუ რუსეთის საგარეო დაზვერვა მთელი თავისი ადგილობრივი მოღალატეებისაგან შემდგარი ინფრასტრუქტურით.
ამდენად, ერთადერთი, რაც გვმართებს არის მხნეობა, სწორად ორგანიზება, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან მაქსიმალური სიახლოვე, პრეზიდენტის, პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი გაერთიანებების, ახალგაზრდობის, ემიგრაციის, ქართველი ხალხის ნების ხშირი მანიფესტირება და რაც მთავარია, არჩევნებში მაქსიმალური აქტიურობა, ისეთი შედეგის დადება, რომელიც არანაირ შანსს აღარ დაუტოვებს რუსეთის საგარეო დაზვერვას და მის ადგილობრივ ფილიალს ქართული ოცნების სახით საქართველოში დესტაბილიზაციის რაიმე ვერსია აამუშაოს.
გრძელვადიანი მშვიდობის ფორმულა საქართველოში ასეთია – გააძევე საქართველოდან რუსეთის საგარეო დაზვერვა და მთლიანად რუსეთი!