გიორგი ვაშაძის ადვოკატი – ეს რომ სასამართლო არ არის, ხომ ყველამ ვიცით, მაგრამ პროცესების ამ ფორმით, ამ ინტენსივობით ჩანიშვნა, მეტყველებს, რომ დავალება აქვთ, რაც შეიძლება სწრაფად მორჩნენ

ეს რომ სასამართლო არ არის, ხომ ყველამ ვიცით, მაგრამ პროცესების ამ ფორმით, ამ ინტენსივობით ჩანიშვნა, მეტყველებს, რომ დავალება აქვთ, რაც შეიძლება სწრაფად მორჩნენ,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა.
მისი განმარტებით, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი განაჩენის გამოცხადებას ჩქარობს.
„ამ მოსამართლისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რას ვუწოდებთ, როგორ შევაფასებთ, რამდენად უგუნურად, შემსრულებლად გამოჩნდება ის, მნიშვნელობა არ აქვს. რობოტს რომ დააპროგრამებ, ეს ხომ უნდა შეასრულოს, მას აქვს დავალება მიცემული და ეს დავალება უნდა გააჟღეროს, საერთოდ არაფერი აინტერესებს, სულ რომ წამოდგე ამ პროცესზე და უთხრა, მოდი, მე დავჯდები თქვენს ადგილზე და ამ ვადაში დავასრულოთ, რა ვადაშიც დავალება გაქვთო, გაიწევა და დაგსვამს მოსამართლის სკამზე, იტყვის, მთავარია, 20-ში დასკვნითი სიტყვა ითქვას, მე თუნდაც, აქ ნუ ვიქნებიო, ასეთი სასამართლო გვაქვს.
20-მდე შეიძლება ახალი დავალება ჩამოვიდეს და დღის წესრიგი შეეცვალოთ, მაგრამ დღევანდელი პროცესიდან გამომდინარე, ლოგიკურია, 20-ში დაასრულოს“,- განაცხადა ბასილაიამ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის საქმეზე განაჩენი 20 ივნისს გამოცხადდება. სწორედ ამ დღეს გადადო მოსამართლემ გიორგი ვაშაძის სასამართლო პროცესი, სადაც დაცვის მხარე იტყვის დასკვნით სიტყვას.
დღევანდელ პროცესზე კი მ მისცა ჩვენება, ამასთან, პროკურატურამ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.
გიორგი ვაშაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
გიორგი ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.