გვყავს ახალი თაობის ბიზნესები, ვისთვისაც ბიზნესმენობა მხოლოდ ფულის კეთებას არ ნიშნავს – გიორგი ჩუგოშვილი

პლატფორმა Freebusiness.ge-ს დამფუძნებლის გიორგი ჩუგოშვილის შეფასებით, Freebusiness.ge-ზე რეგისტრირებული 2400-ზე მეტი კომპანია ნიშნავს იმას, რომ გვყავს ახალი თაობის ბიზნესები, ვისთვისაც ბიზნესმენობა მხოლოდ ფულის კეთებას არ ნიშნავს.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა.
„Freebusiness.ge-ს შექმნის ერთ-ერთი ამოსავალი წერტილი იყო, მოდი, ისტორიას შემოვუნახოთ რომელი ბიზნესი სად იდგა და დააფიქსირა თუ არა საკუთარი პოზიცია, ამოიღო თუ არა ხმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამ ბიზნესების თანამშრომლებისთვის, არამედ მათი მომხმარებლისთვისაც.
მართალია, Freebusiness.ge-ზე რეგისტრირებული კომპანიების ორი მთავარი მოთხოვნა – ახალი ს ჩატარება და ახალ წლამდე აქციებზე დაკავებულების გათავისუფლება – არ დაკმაყოფილდა, მაგრამ პლატფორმაზე რეგისტრირებული 2400-ზე მეტი კომპანიით ჩვენ დავინახეთ, რომ გვყავს ახალი თაობის ბიზნესმენები; ადამიანები, რომლებმაც ყველაფერი ნოლიდან შექმნეს, ბიზნესმენობაც ცოტა სხვანაირად ესმით – მათთვის ბიზნესმენობა არ ნიშნავს მხოლოდ ფულის კეთებას და შემოსავლის დაგენერირებას, არამედ ბიზნესი როგორც ღირებულებების ერთობა.
ბიზნესი არ არსებობს საზოგადოებისგან დამოუკიდებლად; ბიზნესი იზოლირებულად არ ოპერირებს. ბიზნესი ქვეყნის ნაწილია და როცა ქვეყანაში კრიტიკული მდგომარეობაა, ბიზნესმენი იქნება თუ კომპანიის დამფუძნებელი ან დირექტორი, ის ამ ქვეყნის შვილია და დავინახეთ, რომ ბევრი ბიზნესმენი გვყავს, რომელსაც სურს თავისუფალი და დასავლური ბიზნესგარემო, სადაც ბიზნესმენს ხმის ამოღების არ ეშინია“, – განაცხადა გიორგი ჩუგოშვილმა.
ამასთან, Freebusiness.ge-ის დამფუძნებლის აზრით, სინამდვილეში პლატფორმის მოთხოვნებს იმაზე ბევრად მეტი ბიზნესმენი იზიარებს, ვიდრე დარეგისტრირდა, მაგრამ „შიშის ფაქტორის“ გამო, ბევრი ჩუმად არის.
“ვფიქრობ, უნდა ჩავთვალოთ, რომ 2400 საჯაროდ დaფიქსირებული პოზიცია ნიშნავს 24 000 ბიზნესს, მაგრამ შიშის ფაქტორია ცალსახად… ოღონდ ეს არაა ბოლო 5-10 წელიწადში გაჩენილი შიში. ქართული ბიზნესი არასდროს არ ყოფილა თავისუფალი, ბიზნესს არასდროს არ ჰქონია იმის ფუფუნება, რომ ხმამაღლა ეთქვა, რომ მე რაღაც არ მომწონს“, – აღნიშნა გიორგი ჩუგოშვილმა.
პლატფორმის დამფუძნებლის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ პლატფორმის ერთ-ერთი მოთხოვნა ახალ წლამდე დაკავებულების გათავისუფლება იყო, ამ საკითხზე კომპანიების ვერიფიკაცია 2024 წლის 31 დეკემბერს დასრულდა.
რაც შეეხება Freebusiness.ge-ის სამომავლო გეგმებს, როგორც გიორგი ჩუგოშვილმა განაცხადა, Freebusiness.ge-ის ორგანიზებით, იანვრის მეორე ნახევარში იგეგმება პლატფორმაზე რეგისტრირებული კომპანიების მონაწილეობით და არა მარტო, კონფერენციის გამართვა, რომლის მთავარი განხილვის თემა იქნება – რა ელოდება საქართველოს ეკონომიკას.
„პოლიტიკურ კრიზისს ეკონომიკური ნაბიჯებით ვერაფერს მოუხერხებს. ხანდახან ამბობენ, ბიზნესი პოლიტიკაში ერევაო… პირიქით არის – ბიზნესი კი არ ერევა პოლიტიკაში, არამედ პოლიტიკა იმდენად შემოიჭრა ეკონომიკაში, რომ ბიზნესის გზავნილია [ოცნებისადმი] – დაბრუნდი იქ, სადაც იყავი ცოტა ხნის წინ, რომ ჩვეულებრივ გავაგრძელოთ ბიზნეს-საქმიანობა.
პოლიტიკური პროცესები შეიძლება ერთ კვირაში ან ერთ თვეში დალაგდეს, მაგრამ ჩამოშლილი ეკონომიკა სამ თვეში ვერ დალაგდება. მას შეიძლება წლები დასჭირდეს და თუ საფინანსო სისტემას შეექმნა პრობლემები, მაშინ – ათწლეულებიც კი“, – განაცხადა გიორგი ჩუგოშვილმა.