გვინდა საკონფერენციო სივრცის მოწყობა, – ამის შესახებ bm.ge-სთან ინტერვიუში გერმანულ სოფელ ელიზაბეტთალში მდებარე ლუდის ბაღის „სადგურის“ დამფუძნებელმა, რუსუდან ბარათაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, გეგმებშია სამზარეულოს გაფართოება და პატარა კოტეჯის კეთილმოწყობაც.
„ვგეგმავთ, რომ სამზარეულო გავაფართოვოთ, რათა უფრო სწრაფად მოხდეს მომხმარებლების მომსახურება.
ასევე, გვაქვს პატარა კოტეჯი, რომელიც გვინდა, რომ განთავსების ობიექტად ვაქციოთ. ის თავის დროზე გერმანელებმა ააშენეს. მისი კეთილმოწყობის შემდეგ შესაძლებლობა იქნება, რომ ჩვენთან მომხმარებლები დარჩნენ კიდეც. კოტეჯი 6-8 ადამიანზე იქნება გათვლილი.
გარდა ამისა, გვინდა საკონფერენციო სივრცის მოწყობაც, ვინაიდან მოთხოვნა არის“, – აღნიშნა რუსუდან ბარათაშვილმა და დასძინა, რომ 2025 წელს ჯამში 200 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება.
“სადგურის” დამფუძნებელმა მიმდინარე წელიც შეაფასა და აღნიშნა, რომ სტუმრების რაოდენობის 100%-იანი ზრდა აქვთ. ჯამში ობიექტმა უკვე 26 000 ადამიანს უმასპინძლა.
„მშვენიერი წელიწადი გვქონდა, უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნო, ვიდრე აქამდე იცნობდა. შემოსავლებშიც ზრდა გვაქვს 87%-ით. ამასთან, წლევანდელი ოქტობერფესტი იყო 100%-იანი დასწრებით, მთლიანად დაჯავშნილი იყო წინასწარ ყველა მაგიდა“, – აღნიშნა რუსუდან ბარათაშვილმა
მისივე თქმით, სტუმრების ჯამური რაოდენობიდან უცხოელებს 20%-იანი წილი უკავია. მათ შორის არიან უცხოელი ტურისტებიც და ექსპატებიც.
ცნობისთვის, ტურისტული ობიექტი, რესტორანი “სადგური” თბილისიდან 40 კილომეტრში მდებარე ასურეთში, კერძოდ, ელიზაბეთტალის უბანში მდებარეობს, რომელიც მე-20 საუკუნის 30-იან წლებში გერმანელების მიერ აშენდა. მაშინ “სადგურის” ტერიტორია ფუნქციურად სამანქანე-სატრაქტორე სადგური იყო, რომელიც ჩვენამდე ნანგრევების სახით მოვიდა. აღნიშნული ტერიტორიის ტურისტულ კვების ობიექტად ქცევის იდეა 2014 წელს გაჩნდა, თუმცა დაახლოებით ორი წლის წინ გაიხსნა.