გასული წლების რამდენიმე გამორჩეული საშობაო რეკლამა

საშობაო სარეკლამო ქარცეცხლი ყოველწლიურად მეტი შემოქმედებითობით გვიტევს, ზოგიერთი ვიდეორგოლი კი სამუდამოდ გვამახსოვრდება, როგორც მოკლემეტრაჟიანი ფილმის მსგავსი კონტენტი. რამდენიმე სიუჟეტი განსაკუთრებულ ემოციებზეა დაფუძნებული, ის ნარატივს მოიცავს, ვერავინ რჩება გულგრილი. ამ სტატიაში კი გასული წლების რამდენიმე გამორჩეულ საახალწლო რეკლამას წარმოგიდგენთ — ინდუსტრიის წარმომადგენლები საკუთარ ფავორიტებზე საუბრობენ:
მარკ უიგინსი, Search Laboratory-ის უფროსი კრეატიული მენეჯერი:
„შობა ბავშვობასთან დაკავშირებული ნოსტალგიაა, როდესაც დღესასწაული ყველაზე ჯადოსნური იყო. ამიტომაც, მასზე ფოკუსირება შესანიშნავი გზაა ყურადღების მისაქცევად. Coca-Cola-ს რეკლამა თითქმის არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც პირველად 1995 წელს გამოვიდა — ასე რომ, ყოველწლიურად Holidays Are Coming-ის მოსმენა 8 წლის ასაკში მაბრუნებს. ალბათ, ფაქტი, რომ Coca-Cola არ იცვლება, მისი ყველაზე დიდი ძალაა. შეიძლება ყოველ შობას გვიკვირს ჯონ ლუისის ან ალდის ორიგინალურობა, მაგრამ არაფერი დაგიბრუნებს ბავშვობისდროინდელი შობის ემოციებში ისე, როგორც ამ ბრენდის სატვირთო მანქანა“.
კევინ ვინდსორი, The Producers-ის კრეატიული დირექტორი:
„შობა ძალიან რთულია კრეატიულებისთვის. ყოველწლიურად ერთსა და იმავე კლიშეებს აწყდებიან, რაც შემაწუხებელია. ბრენდები კი ხშირად ამბობენ, რომ გულწრფელი რეკლამის გადაღება სურთ, მაგრამ შემდეგ ეწინააღმდეგებიან რიჩარდ კერტისის სტილის რეალიზმს. ასე არ მოხდა Plenty-ის 2020 წლის კამპანიის შემთხვევაში. რაც ამ კამპანიაში მიყვარს, ის არის, რომ ბრენდი ღიად აღიარებს თავისი პროდუქტის როლს შობის დღესასწაულში“.
სტივენ კიერნანი, Atomic-ის კრეატიული დირექტორი:
„ჩვენ ყველას გვსურს ეს თეთრი შობა. ის, რაც ჩვენს გონებაში აღბეჭდილია უთვალავი ჰოლივუდის ბლოკბასტერებით და ბავშვობიდან შემორჩენილი მოგონებებით. Guinness-ის ეს კლასიკური რეკლამა ჩვენს კოლექტიურ ლტოლვასთან ზუსტ თანხვედრაშია. ულამაზესი მონოქრომატული კინემატოგრაფით დაწყებული, საორკესტრო პარტიტურებით დასრულებული, იდეალურადაა გადმოცემული დღესასწაულის სითბო. რა თქმა უნდა, ზოგიერთი კადრი ახლა ცოტა მოძველებულად აღიქმება, მაგრამ მაინც ხელშესახებია“.
ჯოდი ფრიდერიკსი, 160over90-ის აღმასრულებელი კრეატიული დირექტორი:
„ყოველ ჯერზე, როცა ვუყურებ, ცრემლად ვიღვრები. ოჯახური დინამიკის ისტორია, რომელიც წლების განმავლობაში ვითარდება, ძალიან კარგადაა ნაჩვენები — სატელეკომუნიკაციო სერვისი და აპარატურა კი ისე ავთენტურადაა ინტეგრირებული, რომ თითქოს ერთი თაობის მოგზაურობის მოკლემეტრაჟიან ფილმს ვუყურებთ. როგორც ამერიკელი, ჯერ კიდევ მოხიბლული ვარ ამ ფრანგული რეკლამით — ეს კი იმას ნიშნავს, რომ ენას და აუდიტორიას მნიშვნელობა არ აქვს. ოჯახის, ტრადიციებისა და დასვენების სეზონს უნივერსალური ენა აქვს“.
ნადინ სმიტი, Rawnet-ის სოციალური სტრატეგი:
„ჯონ ლუისის 2015 წლის საშობაო რეკლამა ყველანაირ სადღესასწაულო კლიშეს სცდება. Age UK-თან პარტნიორობით გადაღებული ვიდეორგოლი ახალგაზრდა გოგონას გულწრფელ მცდელობაზე გვიამბობს — მას სურს, მთვარეზე მცხოვრებ მოხუც მამაკაცს დაუკავშირდეს. ეს უფრო მეტია, ვიდრე ემოციური მანიპულირება, ვინაიდან შემოქმედებითი ყურადღება ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხისკენაა მიმართული: მოხუცების მარტოობა“.
სიან ევანსი, Definition-ის ვიდეოწარმოების ხელმძღვანელი:
„რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვიყვარს რეკლამა, რომელიც სასიამოვნო ნარატივზეა აგებული, მაგრამ ზოგისთვის შობას თავისი წილი სტრესიც ახლავს. თუნდაც ისეთ წვრილმანებთან დაკავშირებული, როგორიცაა ბალიშების „სწორი“ განლაგება, სადღესასწაულო სანთლების შეძენა და ა. შ. სწორედ ამ რეალობის ჩვენების გამო მიზიდავს Ikea-ს ეს რეკლამა ასე ძალიან. თან გვაჩვენებს, რომ ცოტა ხნით მაინც უნდა მივაჩუმოთ შინაგანი კრიტიკა“.
ჯონ ჯენუარი, Signal Theory-ის აღმასრულებელი დირექტორი:
„შეიძლება ითქვას, საშობაო რეკლამებზე გაგიჟებული ვარ! ყველა მათგანი მიყვარს. ცინიკოსები კი მეუბნებიან, რომ ჯონ ლუისის ეს ვიდეორგოლი სულელური და სენტიმენტალურია, მაგრამ არანაირად არ ვეთანხმები ამ აზრს. სიუჟეტი სიხარულის, კომფორტისა და ღირებულების შესახებ გვიყვება“.